"ხარებას" სპეცრაზმელები დააკავეს
დაკავებულები არიან გდდ-ს ყოფილი უფროისის, ზვიად ხარაძიშვილის, "ხარებას" სპეცრაზმელები - "პირველების" ინფორმაციით, თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი გუშინ აიყვანეს. ორივე სპეცრაზმელის გვარი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.
საუბარია ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველის "შაბათის ეთერმა" მოამზადა და მოიპოვა კადრებიც, რომელიც დანაშუალში სპეცრაზმელების მონაწილეობას ადასტურებდა.
- 9 წუთიან უწყვეტ ვიდეოში ჩანს ის სამი სპეცრაზმელიც, ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
- უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს გელა ქავთარაძესაც, (მოკლული ბიჭის მამა) 62 წლის კაცს დანა 4-ჯერ ჩაარტყეს.
- ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ.
სპეცრაზმელების პროცესი საქალაქო სასამართლოში ახლა უნდა დაიწყოს. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ცოტა ხნის წინ სასამართლოს ეზოში დაკავებული სპეცრაზმელების ოჯახის წევრებსა და მოკლული მიშო ქავთარაძის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება იყო, რაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.
მოკლული ბიჭის დედა ამბობს, რომ სპეცრაზმელები, რომლებიც ახლა მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში არიან, დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინათ.
როგორც მიშო ქავთარაძის მშობელი "პირველებს" ეუბნება, სპეცრაზმელები ძალადობის მუხლით არიან დაკავებულები და არა მკვლელობის თანამონაწილეობის. ამიტომაც ქალი ახლა გდდ-ს თანამშრომლებისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
მადლობა, რომ დააკავეს, ერთი წლის შემდეგ, მადლობა, რომ გაახსენდათ, ან აქამდე რატომ არ იყვნენ დაკავებულები. დაკავებულები არიან ჯგუფურ ძალადობაზე და არანაირი მკვლელობის თანამონაწილეობა. ვითხოვ აუცილებლად გადაკვალიფიცირდეს ბრალი. გამზარებულ დედას წინ ვეღარავინ ვეღარ დაუდგება. ნამდვილად აღარ მოვტყუვდები.
სად არის ჩემი შვილი? ძალადობაა მხოლოდ? თავიდანვე გამოძება არ წარიმართა სწორად. თავიდანვე რომ დაეკავებინათ ყველა თანამონაწილე, ნივთმტკიცებულებასაც იპოვნიდნენ და ყველაფერს გაარკვევდნენ. სამწუხაროდ ჩაიფარცხა. უნდოდათ, რამენაირად გამომძვრალიყვნენ გდდ-ს თანამშრომლები.
მეორე, მესამე დღეს აბსოლუტურად ყველაფერი მოშორებული ჰქონდათ. კადრებში ჩანს მშვენივრად. ბოლო კადრი, როცა თავისი ძმა აკეთებს ორგანიზებას, ვინ საით გაქცეულიყო. რომ არა თორნიკე გოგიძე, დღეს ჩემი შვილი აქ იქნებოდა.
დაჭრილს, უგონო ჩემს შვილს ზედ აჯდება და სასიკვდილოდ, გამეტებით ურტყამს. იმ დღესვე უნდა დაეკავებიათ თორნიკე გოგიძე და არა ერთი წლის თავზე.
დაკავება კი არა კიდევ ძალიან დიდხანს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და სახელმწიფოს ემსახურებოდა ეგ მოძალადე მკვლელი. ამოდენიმე არის კიდევ გარეთ და ვითხოვ იმათ დაკავებასაც. ვის რა მუხლი ეკუთვნის, იმის მიხედვით უნდა დაისაჯოს ყველა", - ამბობს მოკლული ბიჭის დედა.