ტანკერი “სილვარის“ ყულევის პორტში შემოსვლა ნიშნავს, რომ “ოცნება“ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება - გოჩა ბერიძე
სანქცირებული გემი ყულევში - სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, გოჩა ბერიძე პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველო და „ქართული ოცნება“ რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში.
მისი თქმით, სასაზღვრო პოლიციას მინიმუმ რამდენიმე დღით ადრე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ტანკერის წარმომავლობის შესახებ.
ბერიძე ვარაუდობს, რომ სახელმწიფომ ან დამალა ტანკერის შესახებ ინფორმაცია, ან იცოდნენ, თუმცა მაინც შემოუშვეს საქართველოს კონტროლირებად წყლებში.
ეს არის ძალიან დიდი ტანკერი, დაახლოებით, 250 მეტრი სიგრძის, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს 114 834 ტონა ნავთობი. დღენახევარი იყო გაჩერებული ყულევის პორტში, შემდეგ დანიშნულება შეიცვალა, თურქეთი დაიწერა, გამოვიდა ისევ, რეიდზე იყო გაჩერებული და დღეს დილით, ისევ შევიდა ყულევის პორტში. პირველი შესვლის დროს რაღაც ნაწილი დაიცალა ყულევის პორტში, ჩემი ინფორმაციით, ამჟამადაც მიმდინარეობს ტვირთის დაცლა, ნავთობის დაცლა. მას შეუძლია დაახლოებით 100 ათასი ტონა ნავთობის გადატანა, რაც დაახლოებით 45 - 50 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ტანკერის ერთ-ერთი კომპანია, რომელშიც ეს ტანკერი მოღვაწეობდა, იმ კომპანიის უკან იდგა მუჰამედ ჰოსენ შამხანი, ირანის სულერი ლიდერის მრჩევლის შვილი, ასეთი შავი საქმიანობით იყო დაკავებული ეს ტანკერი და ძირითადად რუსულ და ირანულ სანქცირებულ ნავთობს ეზიდებოდა, რის გამოც, 2025 წლის 13 დეკემბერს, უკრაინის ხელისუფლებამ დაასანქცირა. ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს ჰქონდა, თუმცა, ფაქტი სახეზეა, ტანკერი ყულევის პორტში დგას.
ტანკერი “სილვარის“ ყულევის პორტში შემოსვლა და ნავთობის შემოტანა, ნიშნავს რუსული რეჟიმის მხრიდან სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას და რუსეთის ინტერესების გატარებას, - აცხადებს ბერიძე.
ყულევის პორტში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი "სილვარი" დგას, რომელიც რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან შემოვიდა,- ამის შესახებ “აი, ფაქტი“ წერს.
მათი ცნობით, გემი არაერთხელაა შემჩნეული კოორდინატების დამალვაში. ღია მონაცემთა მიხედვით, გემს საქართველოში შემოსვლამდეც გაყალბებული ჰქონდა კოორდინატები და გამორთული იყო AIS სისტემა.