"იქნება მსჯელობა იმ კორპუსების [გასხვისებაზე], სადაც ვერ ხერხდება პროგრამების წარმოება" - სტუ-ს რექტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-ს მფლობელობაში არსებული დაახლოებით 188 ათასი კვადრატული მეტრიდან, დაახლოებით 120 ათასი კვადრატული მეტრი გარემონტებულია.
დავით გურგენიძე აღნიშნავს, რომ მსჯელობა იქნება იმ კორპუსების გასხვისებაზე, სადაც ვერ ხერხდება პროგრამებისა და კვლევითი საქმიანობის წარმოება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს თავის აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით საქმიანობას დაახლოებით 188 ათას კვადრატულ მეტრ ფართში.
აქედან, მინდა გითხრათ, გარემონტებული პირობებით, ევროპული, ამერიკული სტანდარტებით არის დაახლოებით 120 ათასი კვადრატული მეტრი, რა თქმა უნდა, იქნება მსჯელობა იმ ფართობებზე და იმ კორპუსებზე, სადაც ვერ ხერხდება აღნიშნული პროგრამებისა და კვლევითი საქმიანობის წარმოება.
ერთ-ერთი კორპუსი სააკაძეზეა, ერთ-ერთი კორპუსი კოსტავაზე, ეს მსჯელობის საგანია.
რა დროს რექტორობაზეა საუბარი, მე არჩეული ვარ, როგორც აკადემიური საბჭო იტყვის ისე იქნება. რატომ უნდა დავტოვო ჩემი თანამდებობა, მე არასდროს არ მითქვამს გადავდგები-მეთქი," - განაცხადა დავით გურგენიძემ.
ცნობისთვის, მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ოცნება" სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს არ შეეხება, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებთან დაკავშირებით, სტუ-ს ხელმძღვანელობასთან და აკადემიურ საბჭოსთან ერთად იმსჯელებენ.