ახალი ბრალი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს - პროკურორი საქმეში ბრალდებულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს

11.02.26 20:32
ახალი ბრალი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს - პროკურორი საქმეში ბრალდებულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ახალი საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე არ გამორიცხავს, რომ მოცემულ საქმეში ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

პროკურორის თქმით, საქმეში არსებული ვიდეო-მტკიცებულებების კადრებში გარდა სამი ბრალდებულისა მონაწილეობას იღებდნენ სხვა პირებიც, მათი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია და მოწმის სახით გამოიკითხა. 

ქეთევან სონიძე აღნიშნავს, რომ გამოკითხულთა ნაწილი ძალადობრივ ფაქტებში მონაწილეობას ადასტურებს. 

გიდასტურებთ, რომ ამ კადრებში გარდა იმ ბრალდებულებისა, რომელთა პროცესზეც დღეს შევიკრიბეთ, იმყოფებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ სხვა პირები, ამ პირთა ნაწილი იდენტიფიცირებულია, ისინი მოწმის სახით არიან გამოკითხული. ნაწილი მათგანი, სხვათა შორის, აღიარებს კიდეც ფაქტში მონაწილეობას. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. კი ბატონო, გამორიცხული არ არის, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს," - აღნიშნა პროკურორმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ვისაც გუშინ პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდსაც ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო. 

გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.