ფარცხალაძესთან ფინანსურ პოლიციაში შეხვედრის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე გაკვირვებული და „დაგრუზული“ მომეჩვენა - გია ჩადუნელი

13.02.26 14:13
ფარცხალაძესთან ფინანსურ პოლიციაში შეხვედრის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე გაკვირვებული და „დაგრუზული“ მომეჩვენა - გია ჩადუნელი

მოკლული ლევან ჯანგველაძის მძღოლი სასამართლოზე გამოიკითხა - გია ჩადუნელმა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და "კანონიერი ქურდის" ძმის შეხვედრის ორი ეპიზოდის შესახებ ისაუბრა.

ჩადუნელის თქმით, ერთი შეხვედრა მოხდა 2024 წლის ზაფხულში ვერაზე, ხოლო მეორე ამავე წლის ნოემბერში, ფინანსურ პოლიციაში. 

მოწმის თქმით, ჯანგველაძე ფარცხალაძე-რომანოვთან შეხვედრაზე ბიზნესმენებთან ერთად სხვა მანქანით წავიდა, თავად კი სხვა მანქანით მიყვებოდა.

ჩადუნელი ამბობს, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მას ჯანგველაძე „გაკვირვებული და „დაგრუზული" მოეჩვენა. ჩადუნელის ჩვენებით, ჯანგველაძეს ვიღაცამ დაურეკა, რომელსაც უთხრა, რომ სასტუმროში მივიდოდა და ყველაფერს მოუყვებოდა.

ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, ტელევიზიით მყავდა ნანახი. არასდროს, არანაირი კვეთა ოთარ ფარცხალაძესთან მანამდე არ მქონია, არც სატელეფონო და არც ნათესაური, გამარჯობა-გაგიმარჯოს, ესეც კი არ გვქონია.

პირადად მაშინ ვნახე, როცა ბატონი ლევანი შეხვდა მას. 2024 წლის ნოემბერში თუ ოქტომბერში, ფინანსურ პოლიციაში შეხვდა, დაახლოებით, ერთი საათი იყვნენ, რაზე იყო საუბარი, არ ვიცი. იქამდე, ზაფხულში, ვერაზე შეხვდნენ ერთმანეთს, რაღაც ოფისივით იყო, მე შიგნით არ შევსულვარ. მისვლამდე ლევანიმ გზაში, მანქანაში მითხრა, რომ ფარცხალაძეს უნდა შეხვედროდა. ვერაზეც შეხვედრა 1 საათი გაგრძელდა.

მეორე შეხვედრა 3-4 თვეში, ფინანსურ პოლიციაში მოხდა",- განაცხადა ჩადუნელმა.

აღნიშნული ჩვენება მას სასამართლომდე საგამოძიებო უწყებასაც მისცა.  

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები