მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - გამოიყენებს თუ არა შანსს "ოცნება"?
მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა გერმანიაში მიმდინარე კონფერენცია. მიუნხენში მსჯელობენ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების შესახებ. ეს არის საუკეთესო შანსი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებისთვისაც, რომ პირისპირ ისაუბრონ მსოფლიო ლიდერებთან. შანსი ბევრმა უკვე გამოიყენა, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენმა მაია სანდუმ. მიუნხენშია მაკა ბოჭორიშვილიც მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვის შეხვდა "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი და რა შედეგით დაბრუნდება ის საქართველოში.
მანამდე კი ბოჭორიშვილის სიტყვას მიუნხენის კონფერენციაზე "პირველებთან" საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში ვალერი ჩეჩელაშვილი ეხმაურება.
ჩეჩელაშვილის თქმით, ერთმანეთში ვერ თავსდება "ერთის მხრივ შთამბეჭდავი თითქოსდა ეკონომიკის ზრდა, რაზეც ბოჭორიშვილმა ისაუბრა და მეორეს მხრივ, ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება სოციალურ დახმარებაზე".
თვალის დახუჭვა იმაზე, თუ რა სახის პოლიტიკური კრიზისია ახლა ევროპასა და ჩვენს შორის და ამ ფონზე იმაზე ოცნება, რომ ჩვენ მაინც სერიოზული როლი გვაქვს და ყველამ ანგარიში უნდა გაგვიწიოს, ეს ცოტა მიამიტური მიდგომაა - ისევე მიამიტური, როგორც მაგალითად შედარება ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროცენტების ევროპის ეკონომიკურ ზრდასთან. იმიტომ რომ ყველაზე სუსტი ევროკავშირის ეკონომიკა არის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2,5-ჯერ უფრო მეტი ვიდრე საქართველოსი. ერთმანეთში ვერ თავსდება ორი ფაქტი - ერთის მხრივ შთამბეჭდავი თითქოსდა ზრდა და მეორეს მხრივ, ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება სოციალურ დახმარებაზე. თუ დაფიქრდა ვინმე, რამდენად უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა ჩვენი ზრდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ფართომასშტაბიან თანამშრომლობას ევროკავშირთან გავაგრძელებდით, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს რესურსი და ეს შესაძლებლობები, შესაბამისად, ეს მოაკლდა საქართველოს უსაფრთოებას, საქართველოს კეთილდღეობას და საქართველოს განვითარების პერსპექტივას", - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ მსოფლიოს არწმუნებს, რომ საქართველოში "მიმზიდველი და მზარდი ეკონომიკაა". მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ "ევროპულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია".