რაზე ისაუბრა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ მსოფლიოს არწმუნებს, რომ საქართველოში "მიმზიდველი და მზარდი ეკონომიკაა". მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ "ევროპულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია".
"ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ჩვენს ქვეყანაშო ინვესტიციებისთვის უსაფრთხო გარემოა და მათი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია, რომ ქვეყანა პარტნიორების სანდო მოკავშირე გახდეს.
ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა რუსეთისგან მომდინარე კონკრეტულ საფრთეებზე დეტალურად არ უსაუბრია.
"ოცნების" მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპისთვის შავი ზღვის მნიშვნელობაზე.
აქ ჩნდება საქართველოს დამატებითი ღირებულება — შავი ზღვის წვდომა, რაც აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აზიის სხვა ქვეყნების ევროპასთან დაკავშირებაში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვისაც, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და სწორედ ეს მარშრუტი გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
საქართველომ ათწლეულების განმავლობაში შეძლო მიმზიდველი და სტაბილურად მზარდი ეკონომიკის შექმნა. ევროპულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა თითქმის ყველა მეზობელთან, რუსეთის გარდა — რადგან გვაქვს უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები: ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ჰიბრიდული საფრთხეებისა, ჩვენ შევძელით საინვესტიციოდ მიმზიდველი ეკონომიკური გარემოს შექმნა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.