"ლუკა ხურცილავას ტყუპმა ძმამ მეც გადამიყვანა განყოფილებაში" - პოლიციას არასათანადო მოპყრობაში კიდევ ერთი მოქალაქე ამხელს

15.02.26 17:15
"ლუკა ხურცილავას ტყუპმა ძმამ მეც გადამიყვანა განყოფილებაში" - პოლიციას არასათანადო მოპყრობაში კიდევ ერთი მოქალაქე ამხელს

16 წლის არასრულწლოვნის საქმის შემდეგ, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილიც საუბრობს. ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში საკუთარ გამოცდილებას აღწერს.

გაბიტაშვილის თქმით, ინციდენტი ცენტრალური „თიბისი ბანკის“ ფილიალთან მოხდა, სადაც, მისი განცხადებით, პოლიციელების მოქმედებებს ვიდეოზე იღებდა. მოქალაქე წერს, რომ მოგვიანებით იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ვიდეომასალის წაშლა მოსთხოვეს.

მისივე ინფორმაციით, საქმეზე სასამართლო განხილვაც გაიმართა, სადაც მან ვიდეოჩანაწერის გამოთხოვა ითხოვა. გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ გადაწყვეტილება პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო.

ლუკა ხურცილავას ტყუპმა ძმამ მეც გადამიყვანა განყოფილებაში, რადგანაც ქუჩაში შევესწარი როგორ აკაჩავებდნენ მოქალაქეს და ოქმის გარეშე ჩხრეკდნენ მანქანას. კამერა რომ დაინახეს, 25-26 წლის ბიჭებმა, გადაწვიტეს, რომ უნდა გადავეყვანე განყოფილებაში. ძველი თბილისის პოლიციის უფროსმა წამაშლევინა ვიდეო განყოფილებაში, სადაც ჩანდა რომ ვემორჩილებოდი მათ მოწოდებას და როგორ აგრესიულად იქცეოდნენ პოლიციელები. ( მეორე დღეს გამთენიისას მივფრინავდი და ამიტომ დავთანხმდი ვიდეოს წაშლაზე, რადგანაც მათი თქმით 24 საათი შეუძლიათ გამყოფონ გამოკითხვაზე) მერე სასამართლოში საქმის წარმოება დაიწყეს, რომ ხელი შევუშალე მათ საქმიანობას.

ცენტრალური თიბისი ბანკის ფილიალის წინ მოხდა ყველაფერი და სასამართლოზე ვითხოვე ვიდეოს გამოთხოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და ორი პოლიციელის ცრუ ჩვენება საკმარისად ჩათვალა, რომ სამართალდამრღვევად მივეჩნიე ! ძველი თბილისის პოლიციის უფროსს რომ ვკითხე აქციაზე, ის ვიდეო რატომ წამაშლევინე, ნივთმტკიცებულებად გამოგეყენებინათ თქო, მე რა ვიცი, რატომ წაშალაო ! ყველა პოლიციელი ემსახურება რეჟიმის მიერ რეპრესიულ სისტემას! მათი პასუხიმსგებლობაა ქვეყანაში რაც ხდება, - წერს გაბიტაშვილი. 

„შაბათის ეთერმა" მოიპოვა ფარული ჩანაწერები პოლიციის მანქანიდან და განყოფილებიდან, სადაც გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველოს თანამშრომლები ჩანან. მასალაში ასახულია 16 წლის სკოლის მოსწავლის დაკავების ეპიზოდი.

ჩანაწერების მიხედვით, მოზარდი საეჭვოდ მიიჩნიეს სამი პულივიზატორის გამო, პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში. მანქანაში არასრულწლოვანს ტელეფონის გახსნას აიძულებენ, მაშინ როცა იგი დედასთან დარეკვას ითხოვს. ამასთან მას "თითების დამტვრევით" და მსაჯვრდებული მამის გაუპატიურებით ემუქრებიან.