მოსკოვის სასამართლომ ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

16.02.26 13:47
მოსკოვის სასამართლომ ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ დამოუკიდებელი ტელეარხ „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელსა და წამყვანს, ეკატერინა კოტრიკაძეს, დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცია 16 თებერვალს სააგენტო ТАСС-მა გაავრცელა. პროკურატურა 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

კოტრიკაძე, რომელიც რუსეთში აღარ ცხოვრობს, დამნაშავედ ცნეს რუსეთის არმიის შესახებ„ფეიკების“ გავრცელებაში. თბილისში დაბადებული ჟურნალისტი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა და სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ქართულ, ისე რუსულ მედიაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „დოჟდი“ რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, ხოლო არხის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის კოტრიკაძე - „უცხოეთის აგენტად“. ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ამჟამად ამსტერდამიდან საქმიანობს.

რუსეთის ხელისუფლება „ფეიკების“ გავრცელებაში ადანაშაულებს „დოჟდის“ სხვა ჟურნალისტებსაც. მსგავსი ბრალდებით 2025 წელს დაუსწრებლად გაასამართლეს ანა მონგაიტი, ხოლო 2026 წლის იანვრიდან მიმდინარეობს ვალერია კიჩიგინას სასამართლო პროცესი, მათ შორის 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის თემაზე გამოქვეყნებული პოსტის გამო.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ მუხლი 2022 წლის მარტში დაამატეს. აღნიშნული მუხლით ასობით ადამიანი უკვე გასამართლებულია.