ომბუდსმენი “ოცნების“ შემზღუდავ კანონებს აკრიტიკებს და სასამართლო დავის დაწყებას არ გამორიცხავს
საქართველოს სახალხო დამცველი “ქართული ოცნების“ შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს - ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონი შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან.
ლევან იოსელიანი სასამართლო დავის დაწყებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტში ამჟამად მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომლის ფარგლებში განიხილება 7 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილებები.
როგორც დღეს საზოგადოებისთვის საკომიტეტო განხილვის დროს გახდა ცნობილი, პირველი მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და კიდევ უფრო გაფართოვდა დასჯად ქმედებათა ჩამონათვალი. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად ცხადდება „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
სახალხო დამცველის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.
გამომდინარე აქედან, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.