სასახლის ღობის საქმე - 14 ბრალდებულის პროცესზე, დღეს, 3 მოწმე პოლიციელი დაიკითხა

16.02.26 18:29
სასახლის ღობის საქმე - 14 ბრალდებულის პროცესზე, დღეს, 3 მოწმე პოლიციელი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესზე 3 მოწმე პოლიციელი დაიკითხა. 

ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა, ირაკლი ლურსმანაშვილმა სასამართლო დარბაზში შესვლიდან რამდენიმე წუთში განაცხადა, რომ მას ზურგის არეში სწორედ ბრალდებულმა გენადი კუპრეიშვილმა ჩაარტყა. ბრალდებულის კითხვების შემდეგ მოწმე პოლიციელი რამდენიმე წამი დუმდა შემდეგ კი თქვა, რომ მას არ ახსოვდა ჰქონდა თუ არა კონკრეტულ პიროვნებას წვერი, რა ფერის თმა ჰქონდა და ეკეთა თუ არა დროშა. 

მოწმე პოლიციელი: - ხალხის მასიდანრომ გამოვდიოდი ეს ადამიანი გვერდზე გაიწია, გამატარა და ზურგში ხელი ჩამარტყა, ამდენი ბრალდებული არ ჩანდა და ვერ ამოიცნობდი, როცა დავინახე გეუბნებით, რომ ამოვიცანი. 

ადვოკატი: - ხან ამოიცანით ხან ვერა?

მოწმე პოლიციელი: - ამდენი ადამიანი შეიძლება ამომეცნო, შეიძლება ვერ, დავინახე და გეუბნებით გოგო და ბიჭი მეხმარებოდნენ, იქ თავის დაცვას აღარ ვცდილობდი, ხელეფს არ ვიფარებდი და ვხედავდი. 

ადვოკატი: - მიდიხართ, დაგარტყათ ადამიანმა, მოიხედეთ?

მომწე პოლიციელი: - ... შემოვიხედე ერთხელ იყო დაბალი პიროვნება, ეცვა მუქი ტანსაცმელი.

გენადი კუპრეიშვილი: - რითი ამომიცანით, რა ნიშნებით.

მოწმე პოლიციელი: - იყო დაბალი პიროვნება, ჰქონდა დაბალი თმა, წვერი არ მახსოვს, შეიძლება დაბალი წვერი ჰქონდა, ზუსტად არ მახსოვს. 

გენადი კუპრეიშვილი: - შეხედეთ თმის ფერს?

მოწმე პოლიციელი: - მოკლე თმა ჰქონდა. 

გენადი კუპრეიშვილი: - ქუდი არ ეხურა?

მოწმე პოლიციელი: - არ ვიცი, შეიძლება. 

გენადი კუპრეიშვილი: - დროშა ეკეთა თუ არა?

მოწმე პოლიციელი: - არ მახსოსვ. 

ადვოკატის განმარტებით, სასამართლოზე ნახეს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს სწორედ ის ეპიზოდი, რომელზეც მოწმე პოლიციელი საუბრობდა, თუმცა ვიდეოში პოლიციელს მუშტს 60 წლამდე ადამიანი ურტყამს, ხოლო "პირი, რომელზეც თქვა, რომ შეიძლება ეს ადამიანი ყოფილიყო არის დაახლოებით 40-45 წლამდე ადამიანი".  

ვნახეთ ამ შემთხვევაში ვიდეომასალა, რომელსაც, როგორც ეს მოწმე ამბობს, ზუსტად მაგ ეპიზოდს კარგად და მკაფიოდ ასახავს, სადაც ამ შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ სულ სხვა პირია, მკაფიოდ ჩანს, რომ სულ სხვა პირი ახორციელებს მის მიმართ ამ შემთხვევაში მუშტის დარტყმას, რომელიც მართლაც 60 წლამდე ადამიანია და პირი, რომელზეც თქვა, რომ შეიძლება ეს ადამიანი ყოფილიყო არის დაახლოებით 40-45 წლამდე ადამიანი. 

სამარტოოს უფროსის მოადგილის მიერ სასამართლოში მიწოდებული ჩვენება, სადაც მას ჰკითხეს რაიმე სახის მოთხოვნა სარჩელთან დაკავშირებით ექნებოდა თუ არა თქვა, რომ ის ითხოვდა, ბრალდებულების მკაცრ დასჯას, თუმცა ამ შემთხვევაში მერე განმარტა, რომ არცერთი ბრალდებული კონკრეტულად მონაწილეობდა თუ არა ძალადობრივ ქმედებაში, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ," - განაცხადა ადვოკატმა. 

სასახლის ღობის საქმის პროკურორის თქმით, აღნიშნული მოწმე საგამოძიებო მოქმედება-ამოცნობაში არ მონაწილეობდა. 

მოწმესთან დაკავშირებით გავაკეთებთ განმარტებას, აღნიშნულ მოწმეს საგამოძიებო მოქმედება-ამოცნობაში მონაწილეობა მიღებული არ აქვს. 

როგორც მან განმარტა პროცესზე, კონკრეტული პირი, რომელმაც მის მიმართ განახორციელა ძალადობრივი ქმედება და ამ შემთხვევაში არ უსაუბრია ერთჯერად ძალადობაზე, ერთ-ერთ ეპიზოდთან მიმართებაში განმარტა, რომ პირი, რომელმაც მის მიმართ განახორციელა ძალადობა სიმაღლით და სახის მოყვანილობით წააგავდა ერთ-ერთ ბრალდებულს," - ამბობს საქმის პროკურორი. 

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, რატი ალადაშვილიც, რომელსაც აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, მან თქვა, რომ ბრალდებულები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, თუმცა მან სასამართლო დარბაზში ვერცერთი მოწმე ვერ ამოიცნო. 

  • ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.