"შაბათის ეთერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ პოლიციელების ახალი სავარაუდო მსხვერპლები ალაპარაკდნენ

16.02.26 20:03
"შაბათის ეთერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ პოლიციელების ახალი სავარაუდო მსხვერპლები ალაპარაკდნენ

ახალგაზრდა კაცი, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ამხელს, "შაბათის ეთერში" გასული სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ ალაპარაკდა. რესპოდენტი, უსაფრთხოების გამო საკუთარ ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა ყვება, რომ ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლები, ზუსტად იმ სცენარით გაუსწორდნენ, როგორც 16 წლის არასრულწლოვანს. მოტივიც და მუქარის შინაარსიც ერთი იყო - ან ტელეფონისთვის კოდის მოხსნა, ან შეთითხნილი ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა.

ირკვევა, რომ ახალგაზრდების მიმართ მუქარა, გინება და ტერორი ერთეული შემთხვევა არ არის და საქმე გვაქვს სავარაუდო სისტემურ დანაშაულთან. ყველა შემთხვევაში პოლიცია ერთი სქემით მოქმედებს, ტერორის შემდეგ ხელს აწერინებენ, რომ პრეტენზია არ აქვთ და ათავისუფლებენ, ვინც უკანონობაზე არ ჩუმდება მათ წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება. 

24 წლის ახალგაზრდას პოლიციელების დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს. არასრულწლოვნისგან განსხვავებით, რომელმაც პოლიციელების ფარულად გადაღება შეძლო, მას ტელეფონი შეჩერების პირველივე წუთებში ჩამოართვეს. ძველი თბილისის პოლიციის მე-7 სამმართველოში დღეს თავისმართლების რეჟიმში იყვნენ. პოლიციელები უარყოფენ, რომ დედაქალაქში რეიდის დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.

გასაჯაროებულმა ფარულმა ჩანაწერმა აჩვენა სისტემური დანაშაულის მთელი კასკადი. არასრულწლოვნებს პოლიციის მანქანებში მამის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და სცემდნენ აქამდე, როდესაც სხვები ყვებოდნენ პოლიცია ამტკიცებდა, რომ ტყუილია. ახლა კი, როდესაც არსებოს ვიდეო ჩანაწერი, მინისტრი თავს იმართლებს. გვთხოვს დაველოდოთ გამოძიებას, რომელმაც მხილებული ხუთი პოლიციელიდან მხოლოდ ერთი დააკავა. 

რა უნდა ვიცოდეთ - ქუჩაში  ჩხრეკასა და მათ შორის ტელეფონის გახსნასაც სჭირდება სასამრთლოს განჩინება ან გამომძიებლის გაცემული ნებართვა გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებაზე, ტელეფონის გახსნაც ჩხრეკაა, ზედაპირული დათვალიერება მხოლოდ გარეგან შემოწმებას ითვალისწინებს, თუმცა პოლიციელები წლებია კანონს არღვევენ და ზედაპირულ დათვალიერების ნაცვლად მოქალაქეებს ჩხრეკენ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში