"ოცნების" ჩინოვნიკების სანქცირება - ბრიტანეთის საგარეო კონსერვატორ დეპუტატს პასუხობს
"შეაფასა თუ არა უწყებამ იმ მტკიცებულებების ეფექტიანობა, რომლებიც აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას გამოიყენა" - ამ კითხვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის კონსერვატორმა დეპუტატმა, სერ იაინ დანკან სმითმა შეკითხვით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
იაინ დანკანს ასევე უწყებისგან აინტერესებდა - "შეაფასა თუ არა იმ პოტენციური მიზანშეწონილობის შესახებ, რაც გულისხმობს სანქციების გამოყენებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან (ა) სამოქალაქო საზოგადოების, (ბ) დამოუკიდებელი მედიის რეპრესიებსა და (გ) პოლიტიკურ ჩაგვრასთან საქართველოში"
სტივენ დაუთი საპასუხო წერილში, რომელიც 16 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა, წერს - "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან".
- დაუთი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია და ამასთან საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს.
"გაერთიანებული სამეფო მტკიცედ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული თავისუფლებების მიმართ. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონმდებლობა კვლავ მიზანში იღებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის ლიდერებსა და დამოუკიდებელ ხმებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან.
გაერთიანებულმა სამეფომ დააწესა მიზნობრივი სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, მოსამართლეებზე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, აგრეთვე მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. ვერ გავაკეთებ კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციების გამოყენებაზე, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა."- წერია დაუთის პასუხში.