ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენებას "ამბასადორის" თანამშრომელი მისცემს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე საკუთარ მტკიცებულებებს გამოიკვლევს. კერძოდ კი, პროკურატურას 3 მოწმე ეყოლება წარმოდგენილი. ერთ-ერთი, ვინც დაცვისა და ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებს სასტუმრო "ამბასადორის" უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მასთან კითხვები მხარეებს 16 თებერვალთან დაკავშირებით ექნებათ, როდესაც თბილისში ჩამოსულ ლევან ჯანგველაძეს გელა უძილაურმა ჩასაფრება მოუწყო, სასტუმროს კუთვნილი ერთ-ერთი ავტომობილი დააზიანა, პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მაშინ საქმე არავინ გამოიძია.
დაიკითხება მოწმე, რომელმაც უშუალოდ დააკავა გელა უძილაური. ასევე დაიკითხება სასტუმრო "ამბასადორის" თანამშრომელი, რომელიც დეტალურად მოგვითხრობს მის მიერ დათვალიერებულ კამერებთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა მისთვის უცნობი პირის მიერ საეჭვო გარემოში გადაადგილება ამბასადორის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე დავკითხავთ ექსპერტს, რომელსაც ჩატარებული აქვს ხმის ექსპერტიზა.
ეს ის თანამშრომელია, რომელმაც 22 თებერვალს გააკეთა შეტყობინება პოლიციაში მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით. ასევე, ეს ის თანამშრომელია, რომელმაც გამოძიებას წარმოუდგინა ის ვიდეო-მასალა, რომელიც გადაღებულია თებერვლის რიცხვში, სხვადასხვა პერიოდიში, სადაც ჩვენს მიერ უკვე დადგენილია, რომ ეს იყო გელა უძილაური, რომელიც უთვალთვალებდა ლევან ჯანგველაძეს. ამ მოწმის გამოკითხვით დასტურდება ის, რომ მან წარმოადგინა ეს ვიდეო-მაასლა. რაც შეეხება ის ფაქტი, რომ გელა უძილაური უთვალთვალებდა რამდენიმე თვის განმავლობში ლევან ჯანგველაძეს, ეს უკვე დადასტურებულია ორი ინსტანციის განაჩენით", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.
- "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ გელა უძილაური სასტუმრო "ამბასდორთან" პირველად 16 თებერვალს დილით ჩნდება. ამ დროს „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, თბილისში მოსკოვიდან ერთი კვირით შვილთან ერთად არის ჩამოსული ლევან ჯანგველაძეც.
ბიზნესმენის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისმა ახლო გარემოცვამ იცოდა. უცნაურია, მაგრამ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა სავარაუდო კილერსაც, რადგან ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ სავარაუდოდ, გელა უძილაური დილიდან საღამომდე სასტუმროს პერიმეტრზე იმყოფება და ტერიტორიას აკონტროლებს.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.