უძილაურის "ამბასადორთან" გადაადგილების ვიდეო სასტუმროს თანამშრომელმა გამოძიებას "ტვ პირველზე" ნანახი ანონსის შემდეგ გადასცა - ჩვენება სასამართლოში
გელა უძილაურის "ამბასადორთან" საეჭვო გადაადგილების ვიდეო სასტუმროს თანამშრომელმა გამოძიებას თავად გადასცა - "ამბასადორის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დღეს ჩვენება სასამართლოს მისცა.
ლევან კალანდიამ დეტალურად მოყვა, როგორ გადაადგილდებოდა 16 თებერვალს სასტუმროსთან უცნობი პირი, რომელიც სახეს კეპით მალავდა და გადააგილებისას კოჭლობდა.
მოწმემ ასევე სასამართლოს უთხრა, როგორ დაზიანდა იმ დღეს პარკინგზე კაზინოს კუთვნილი მანქანა "მაიბახის" საქარე მინა -"ვერსია იყო რომ მანქანას იარაღიდან ესროლეს ან ზემოდან ჩამოვარდნილი საგნით დაზიანდა".
როგორც "ამბასადორის" თანამშრომელი ამბობს, "ამ საეჭვო გარემოებაზე" ანონსი "ტვ პირველის" ეთერში ნახა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ მისი კადრები მნიშვნელოვანი იქნებოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში და გამოძიებას გადასცა.
2025 წლის თებერვალში დაცვის თანამშრომელმა დამირეკა, პარკინგზე დაზიანდა კაზინოს კუთვნილი მანქანა "მაიბახის" საქარე მინა, ფოტო გადმომიგზავნა და ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს განზრახ იყო გაკეთებული. მე ვუთხარი, რომ პოლოცია გამოეძახებინა. რამდენიმე დღის შემდეგ, მითხრეს, რომ ექსპერტიზაზე მიმეყვანა მანქანა, ვერსია იყო რომ მანქანას იარაღიდან ესროლეს ან ზემოდან ჩამოვარდნილი საგნით დაზიანდა. კამერებში საეჭვოდ გადაადგილდებოდა მამაკაცი, გვაინტერესებდა სტუმარი ხომ არ იყო, რომელიმე გვერდით მდებარე სასტუმროში, გაირკვა რომ არა. ამ მამაკაცს თავისებური სიარულის მანერა ჰქონდა, თითქოს კოჭლობდა. კეპი ეხურა და სახეზე არ ჩანდა. ამ საეჭვო გარემოებაზე ანონსი ვნახე ტვ პირველის ეთერში, როცა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საუბრობდნენ- წესით ჩემს გარდა ეს კადრები არავის უნდა ჰქონოდა, ვიფიქრე რომ მნიშვნელოვანი იყო და გამოძიებას წავუღე.” - თქვა ამბასადორის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.
- "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ გელა უძილაური სასტუმრო "ამბასდორთან" პირველად 16 თებერვალს დილით ჩნდება. ამ დროს „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, თბილისში მოსკოვიდან ერთი კვირით შვილთან ერთად არის ჩამოსული ლევან ჯანგველაძეც.
ბიზნესმენის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მისმა ახლო გარემოცვამ იცოდა. უცნაურია, მაგრამ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა სავარაუდო კილერსაც, რადგან ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ სავარაუდოდ, გელა უძილაური დილიდან საღამომდე სასტუმროს პერიმეტრზე იმყოფება და ტერიტორიას აკონტროლებს.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.