ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად კაცი დაშავდა - გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
ოზურგეთში 55 წლის კაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) ავტომანქანა მოულოდნელად აფეთქდა.
ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში აცხადებენ, რომ “პაციენტს ტერფის ძვლები აქვს დაზიანებული.”
კლინიკის ხელმძღვანელი დავით მდინარაძე "პირველებთან“ ამბობს, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ის თვითდინებით, კერძო ავტომობილით, თბილისში, სავარაუდოდ, კლინიკაში წავიდა.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ტერფის ძვლები ჰქონდა დაზიანებული და თვითონ უნდოდა თბილისი და კერძო, საკუთარი მანქანით წავიდა თბილისში. დახმარება, რა თქმა უნდა სჭირდებოდა, მაგრამ თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ თბილისში მირჩევნიაო და წავიდა თბილისში. მიზეზი ჩვენთან არ უთქვამს.
სამსახურიდან მე წამოვედი სადღაც, იყო 6-ის ნახევარი და მაგ დროისათვის მოიყვანეს, - ამბობს ექიმი.
მომხდარზე "პირველებთან" საუბრობს თავდ დაზარალებულიც.
არც კი ვიცი, ამბობენ, რაღაც აფეთქდაო და გადმოვედი თუ არა მანქანიდან, ეგრევე საავადმყოფოში წამიყვანეს. კარგად ვარ, ფეხი მაქვს დაზიანებული, დალეწილი. ქელეხიდან გამოვედი, დავჯექი მანქანაში და რაღაცამ მბეთქა და აირაბგები გაიხსნა. გადმოვედი მანქანიდან ჩვეულებირვად, ჩემი ფეხით, მაგრამ ფეხი რომ ვერ დავდგი, მეთქი - "მომეხმარეთ", - ამბობს ზვიად ჯინჭარაძე.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შს სამინისტროში.