დავით კაკულია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველ განმარტებას აკეთებს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, დავით კაკულიამ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პირველი განმარტება გააკეთა.
- შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები დავით და გურამ კაკულიები დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთნენ.
- ცნობისთვის, ისინი სხვა საქმეზე უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.
დავით და გურამ კაკულიები ბრალს არ აღიარებენ. დავით კაკულია განმარტავს, რომ მათ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა არავისთვის დაუვალებიათ და დარწმუნებულია, რომ 5 წლის წინ მოკლული ახალგაზრდის ოჯახი ამას გაიგებს და საჩივარს გაიტანს.
ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიები პროცესებზე გაიგებენ ამას და გაიტანენ საჩივარს პროკურატურიდან. გამორიცხულია შეკერილ საქმეზე ამდენი უდანაშაულო ადამიანი დასაჯონ, ამ მოგონილი..." - განაცხადა დავით კაკულიამ.
გაცნობებთ, რომ ამავე სასამართლო პროცესზე კიდევ ერთ ბრალდებულს, ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ასევე განისაზღვრა ძმები კაკულიების წინასასამართლო სხდომა - პროცესი 8 აპრილს ჩანიშნა.
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.