მართლმსაჯულების ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა, დახურულ კარს მიღმა სასამართლო, აღარაა სასამართლო - გელბახიანი

19.02.26 23:14
მართლმსაჯულების ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა, დახურულ კარს მიღმა სასამართლო, აღარაა სასამართლო - გელბახიანი

დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის უფლებადამცველი აცხადებს, რომ კვალიფიკაცია, რომელიც არის წარდგენილი, სამართლებრივი საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს.

როგორც ვალერი გელბახიანმა სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა, კილაძის პროცესის დროს მსოფლიო მართლმსაჯულების ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა - მხარეთა თანასწორობის და საჯაროობის.

მსოფლიოში ასეა, მართლმსაჯულება ხორციელდება ორ ძირითად პრინციპზე დაყრნდობით, ერთი ეს არის მხარეთა თანასწორობა და მეორე საჯაროობა. ორივე პრინციპი დაირღვა, მხარეები თანასწორობაში არ აღმოჩნდნენ, მეორე საჯაროობა არ განხორციელდა. დახურულ კარს მიღმა სასამართლო, აღარაა სასამართლო. თავისთავად ეს ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ რაც გააჟღერა ბრალდების მხარემ, ეს არის სავალდებულო მოსახლეობისთვის, თუმცა მისი საპირისპირო არგუმენტები არ უნდა მოისმინონ და უნდა ჩათვალონ, რომ რაც ბრალდების მხარემ თქვა, სწორია. ამ დროს, მათი ნათქვამი სწორი არ არის. 

რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას - კვალიფიკაცია, რომელიც არის წარდგენილი, სამართლებრივი საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს. არ შეიძლება, ყველას გასაგონად ვამბობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 180-ე მუხლის ერთობლიობით იხილებოდეს ბრალდება. ეს სასამართლო პრაქტიკაში აკრძალულია... მაგრამ ის რაც აკრძალულია, სწორედ იმ ფაქტის წინაშე ვდგავართ. სამწუხაროა, რომ ამას გენერალური პროკურატურა აკეთებს, - განაცხადა გელბახიანმა.

მისივე თქმით, ელისო კილაძემ სასამართლოზე გივი ჯიბლაძეზეც ისაუბრა.

ქალბატონმა ელისომ თქვა, რომ გივი ჯიბლაძეს მის მიმართ აქვს პირადი ინტერესი და ეს გამოგონილი იმისთვის არის, ყველაფერი, რომ მან აიცილოს პასუხისმგებლობა პირადი და ეს პასუხისმგებლობა გადააკეთოს ელისო კილაძეზე და, ფაქტობრივად, ამ მოცემულობის წინაშეა - ის გარეთ არის თავისუფლებაში და ელისო კილაძე დაჭერილია. თქვენ შეაფასეთ ახლა, რატომ არის 4 პირი, რომელმაც 9 მილიონი მოპარა უცხოელ მოქალაქეებს თავისუფლებაში და ის, ვისაც არაფერი მიუღია აქედან, ის დაჭერილია...", -  განაცხადა ვალერი გელბახიანმა.