ანდრო ჭიჭინაძის დედა: ასეთი სოლიდარობა რომ გვაქვს, ამიტომაც ვერ წაგვაქცევენ ვერც მე და ვერც ანდროს!
ანდრო ჭიჭინაძის დედა"ახალი თეატრის" ფასადიდან მისი შვილის ბანერის ჩამოხსნას სოციალურ ქსელში გერმანიიდან ეხმაურება. ლიკა გუნდაძე მადლობას უხდის ანდროს მეგობრებს, მსახიობებს, რომლებმაც "რუსთავის 2"-ის წარმომადგენლების მიერ ჩამოხსნილი ბანერი ხელახლა გააკრეს და დარაჯობდნენ, რათა ის ფასადიდან ისევ არ ჩამოეხსნათ.
ასეთი სოლიდარობა რომ გვაქვს, ამიტომაც ვერ წაგვაქცევენ ვერც მე და ვერც ანდროს! - წერს ანდროს დედა.
არ ვარ თბილისში . ისევ ანდროს მეგობრებმა წამიყვანეს გერმანიაში ,ეხლა გავიგე ბანერის ამბავი😊 მინდა ვუთხრა ანდროს მეგობრებს მადლობა ! მე ის მაწუხებს ბავშვები რომ შეწუხდნენ და დააგლიჯეს ამ ადამიანებს ნერვები! წაიღონ და დაანებონ ამ ღირსეულ ადამიანებს თავი! ასეთი სოლიდარობა რომ გვაქვს ამიტომაც ვერ წაგვაქცევენ ვერც მე და ვერც ანდროს!"- წერს ანდრო ჭიჭინაძის დედა.
სინდისის პატიმრის გამოსახულებიან ბანერთან ერთად, ახალი თეატრის ფასადზე ახლა "რუსთავი 2"- სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი მუსიკალური პროექტის ბანერია გაკრული.
ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ რუსთავი 2-ის ახალი გადაცემის პრომოს გადაღებისთვის ის ბანერი ჩამოხსნეს, რომელიც ერთ წელზე მეტია თეატრის ფასადზეა გაკრული. მსახიობები უარს ამბობენ მათი პატიმარი კოლეგის მხარდამჭერი ბანერის მოხსნაზე და აცხადებენ, რომ ეს მათი ღირსების საკითხია.