"ოცნება" სიმბოლოებსაც კი ებრძვის - მსახიობები ანდრო ჭიჭინაძის ბანერზე

20.02.26 11:27
"ოცნება" სიმბოლოებსაც კი ებრძვის - მსახიობები ანდრო ჭიჭინაძის ბანერზე

ხელოვანების უპრეცედენტო სოლიდარობამ შედეგი გამოიღო. მსახიობების პროტესტის შემდეგ, ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი ისევ ახალი თეატრის ფასადზე დააბრუნეს. 

ხელოვანების პროტესტსა და სოლიდარობას მსახიობი დავით ბუშიტაიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მხარდამჭერი ბანერის მოხსნა იმ ადამიანებმა სცადეს, „ვისთვისაც გაუგებარია, რის გამო მიმდინარეობს ბრძოლა“. ბუშიტაიშვილი ამბობს, რომ ასეთ პირობებში დიალოგი რთულია, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ „დრო ყოველთვის საღ აზრზე მუშაობს“. 

ის ხალხი ხსნიდა ამას დღეს, რომელთათვისაც უცხოა საერთოდ, რისთვის ვიბრძვით. ესე იგი, ტიპი კეცავდა და "თქვენ არ იცით, რა კარგ შოუს ვაკეთებო", აი, ამას ამბობდა და ამათთან ლაპარაკს, უბრალოდ, აზრი არ აქვს. ერთადერთი, რაც მინდა, ვთქვა, რომ დრო მუშაობს საღ აზრზე ყოველთვის. დრო აჩვენებს ყველაფერს და ეს მათ იციან და ამიტომ არიან ახლა ყვეაფრის აკრძალვაზე გადასული და ყველაფრის დახშობაზე, - ამბბობს მსახიობი დავით ბუშიტაიშვილი

მომხდარს კრიტიკულად აფასებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი. მისი თქმით, წინააღმდეგობა სიმბოლოების მიმართაც აშკარაა და ბანერის დაბრუნება დაუმორჩილებლობისა და სოლიდარობის აქტად უნდა განიმარტოს. კალატოზიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები პროტესტს ვერ შეაჩერებს. 

აი, რატომ უშლიდა გორგასლის ხელში დროშა? მტკვარზე გადმოფენილი საქართველოს დროშა? რატომ მოუნდათ, რომ მოეხსნათ ეს დროშა? აი, სიმბოლოებსაც კი ებრძვიან - თავისუფლების სიმბოლოს, ერთგულების სიმბოლოს. ძალიან აღიზიანებდათ ეს ბანერი, ასე ვაღიზიანებთ, ვაღიზიანებთ იმიტომ, რომ არ ვნებდებით. ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი მათთვის და სოლიდარობის აქტი რომაა, ამას გაააზრება ეტყობა უჭირთ, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი. 

ინციდენტი გუშინ მოხდა. ახალ თეატრთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი ჩამოხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად „რუსთავი 2“-ის სატელევიზიო გადაცემები დასახელდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მსახიობები და ჭიჭინაძის მეგობრები, რომლებმაც ბანერი ხელახლა გადმოფინეს და გარკვეული დროის განმავლობაში იცავდნენ, რათა იგი კვლავ არ ჩამოეხსნათ.