გიორგი მიქაძე პროცესს არ ესწრება - სასამართლოში არ მივიდნენ არც მიქაძეების მხარდამჭერები
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდებულების გარეშე მიმდინარეობს - პროცესზე გამოცხადებაზე დღეს უარი თქვა გიორგი მიქაძემ. სასამართლოში არ მივიდნენ არც მიქაძეების მხარდამჭერები.
დღეს სწორედ მიქაძეების და ჯანგველაძეების მხარდამჭერების გამო მიიღეს სასამართლოს ეზოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები - პერიმეტრს სრულად აკონტროლებს კრიმინალური პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ ორი 18 თებერვლას სასამართლოს მიმდებარედ შეკრებილი ჯანგველაძის მხარდამჭერები, ძმები მიქაძეების საგულშემატკივროდ მისულებს დაუპირისპირდნენ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დაპირისპირებული მხარეების გაშველება პოლიციამაც ვერ შეძლო, რის შემდეგაც დაიწყო დაკავებების სერია.
შეტაკებების გამო საქალაქო სასამართლოსთან ანდრონიკაშვილის ქუჩა პარალიზებული იყო. დაპირისპირების მონაწილეთა ნაწილი ტერიტორიის დატოვებას მანქანით ცდილობდა, რა დროსაც მათ გზა გადაუკეტეს და მანქანის საქარე მინები ჩაულეწეს. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროცესის პარალელურად გინება და ჩხუბი აქამდეც იყო, თუმცა მანქანების ჩალეწვამდე და ხელჩართულ ჩხუბამდე საქმე არ მისულა, როგორც ეს 18 თებერვალს მოხდა.