"დავიცავთ ანდროს და ჩვენი თეატრის სინდისს" - ახალ თეატრში მსახიობები შეიკრიბნენ
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში მსახიობები არიან შეკრებილები. ადგილზე მისულ ხელოვანებს კოლეგის ბანერი ჩამოხსნილი დახვდათ.
მსახიობები აცხადებენ, რომ მათთვის გაურკვეველია, ვინ და რა მიზეზით ჩამოხსნა ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი. ადგილზე შეკრებილი ხელოვანები პროცესს გაუგებარსა და წინააღმდეგობრივს უწოდებენ.
მომხდართან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს მსახიობი ეკა დემეტრაძე, რომელიც ამბობს, რომ მათ სხვადასხვა განმარტებებს აძლევდნენ, თუმცა ბანერის ბედი ამ დრომდე უცნობია.
საბავშვო ბაღი მოაწყვეს, ერთი მეორეზე უფრო სასაცილო ტყუილებს გვეუბნებიან, გვეთამაშებიან რაღაც კატა-თაგვობანას. გვეუბნებოდნენ, რომ "აი, 10 წუთი გვინდა, ჩავწერთ, უბრალოდ და მერე ჩამოვკიდებთ" და ახლა სად არის ბანერი არც ვიცით, საერთოდ. რა უნდა ვთქვა არ ვიცი. მე აქ ვარ, ბოლომდე, სადამდეც შევძლებ დავიცავ ანდროს სინდისს, ჩვენი თეატრის სინდისს, ჩემს პირად ღირსებას და სინდისს და ჩვენი სინდისის პატიმრების ღირსებას, - ამბობს მსახიობი ეკა დემეტრაძე.
ბანერის ჩამოხსნის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ სხვა მსახიობებსაც. მათი თქმით, გუშინდელი ახსნა-განმარტებები რეალობას არ დაემთხვა და ვითარება დამატებით ეჭვებს აჩენს.
ბანერი არ არის ზევით რომ ავედი, არსად არ დევს, არ ვიცი სად წაიღეს და როგორ წაიღეს, რა გააკეთეს, მაგრა ფაქტი ის იყო, რო გუშინ მთელი დღე გვიმტკიცებდნენ, რომ პრომოს გადასაღებად ბანერს ავკეცავთ, გადავიღებთ, ხელს გვიშლით და ასე შემდეგ და მერე გადმოვფენთო. გუშინ იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, სამწუხაროდ და არანაირი პრომოს გადაღება არ მიმდინარეობდა. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პროვოკაციაზე წავსულიყავით, რაღაც გვეუხეშა, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტში, რომელსაც რუსთავი 2 იწყებს და რომლის გამოც შენობიდან სინდისის პატიმრის ბანერი ჩამოხსნეს, ჟიურიში ამავე თეატრის მსახიობი, ეკა კახიანი იქნება.
მსახიობები ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ერთ ოთახში ვსხედვართ, ერთ საგრიმიოროში მე და ეკა და ალბათ გუშინ ნახხა თან რაც ხდებოდა. არ ვიცი, მემგონი, ჯობია, რომ ეკასთან გადაამოწმოთ. მე მგონია, რომ რაღაც უხერხულობა ექნება ალბათ, იმედს ვიტოვებ, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
ის, რომ პროექტში ჟიურიში იქნება, თავად ეკა კახიანი ადასტურებს.
კი, ბატონო, ასეა. კი, ვარ (თეატრში). მე ძალიან ვწუხვარ მომხდართან დაკავშირებით, რაც ხდება ანდროსთან მიმართებაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაირკვევა სიტუაცია და ანდრო ნიჭიერი კაცია და აუცილებლად უნდა იყოს თეატრში და უნდა თამაშობდეს და უნდა გააგრძელოს თავისი საქმე. დანარჩენი უკვე მსახიობების გადასაწყვეტია და თვითონ თეატრიც და მეც ძალიან ვწუხვარ, ანდროს ამბავი ძალიან მაწუხებს.
აქტიურად აღარ დავდივარ თეატრში. ჩემი პოზიცია მოგახსენებთ, - ამბობს ეკა კახიანი "პირველებთან" სატელეფონო საუბარში.