კომპანია, რომლის დირექტორიც ჯარის და პოლიციისთვის უვარგისი საკვების მიწოდების გამო დააკავეს, ტენდერებშია გამარჯვებული - დონაძე

20.02.26 15:31
კომპანია, რომლის დირექტორიც ჯარის და პოლიციისთვის უვარგისი საკვების მიწოდების გამო დააკავეს, ტენდერებშია გამარჯვებული - დონაძე

შპს „ბატონო“, რომლის დირექტორიც ჯარისთვის და პოლიციისთვის ფალსიფიცირებული და ტოქსიკური საკვების მიწოდების გამო დააკავეს, სახელმწიფო შესყიდვების ფავორიტია.

კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე ამბობს, რომ აღნიშნული კომპანია არაერთ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობდა და ხშირ შემთხვევაში, სწორედ მათთან ფორმდებოდა კონტრაქტიც.

დონაძის თქმით, ეს კომპანია ამ დროისთვის 3 ტენდერშია გამარჯვებული და აღნიშნული ფაქტის შემდეგ ყველა ტენდერი მოსაკვლევია.

მინდა, შევახსენო ფინანსთა სამინისტროს, რომ ამ წუთას, 3 ტენდერშია ეს კომპანია გამარჯვებული და ძალოვან სტრუქტურებს უნდა მიაწოდონ საკვები პროდუქტები, ამას ემატება ის, რომ ის ხელშეკრულებები, რომლებზეც ახლა საუბრობს ფინანსთა სამინისტრო 2020 წლის შემდეგ, რაც ღარიბაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საიდუმლოდ გახადა ჯარის კვება და შესაბამისად, ეს ხელშეკრულებები არ ჩანს, რომლის საფუძვლეზე მიაწოდა. სანამ ამას აღმოაჩენდა ფინანსთა სამინისტრო, სად იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ევალებოდა ამის მონიტორინგი. ანუ წლების განმავლობაში, პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ბაზებზე მორიგეობდნენ, აჭმევდნენ უვარგის საჭმელებს, ანუ წამლავდნენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, მიზანმიმართულად. რატო მიზანმიმართულად, იმიტომ რომ ადამიანებს, თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებოდათ ამ ტენდერში მონაწილე კომპანიის მონიტორინგი, როგორც ადგილზე, ისე პერიოდულად ინსპექტირება, როგორც გეგმური, ისე არაგეგმური, საექსპერტოზე გაგზავნა, სეს-ში შემოწმება აღნიშნული პროდუქციის, ეს არ განახორციელეს, იმიტომ რომ შესულები არიან კორუფციულ გარიგებაში, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ფალსიფიცირებული და საფრთხის შემცველი საკვებით კვებავდნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი,  საკვები რომელსაც ჯარს და პოლიციას აწვდიდნენ უვარგისი იყო. 

როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ საკვები, რომელიც პოლიციაში და ჯარში შედიოდა, იმდენად ტოქსიკური იყო რომ ექსპერტიზაც კი ვერ ჩატარდა, რადგან ექსპერტის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.

ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე , შპს „ბატონო“-ს ხელმძღვანელი ხელმძღვანელი დააკავა.