მშობლების პეტიცია არ დაკმაყოფილდა - პირველ კლასში ვერ ჩაირიცხებიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე უსრულდებათ

20.02.26 18:39
მშობლების პეტიცია არ დაკმაყოფილდა - პირველ კლასში ვერ ჩაირიცხებიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე უსრულდებათ

ივანიშვილის გუნდმა არ დააკმაყოფილა იმ მშობლების პეტიცია, რომლებიც ითხოვდნენ, სკოლაში, პირველ კლასში დაეშვათ ბავშვები, რომელთაც ექვსი წელი 15 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ პეტიციას დაახლოებით 500 მშობელი აწერდა ხელს. ისინი ასაკობრივი ზღვრის გადახედვას და გამონაკლისის დაშვებას მოითხოვდნენ.

საკითხი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილეს, თუმცა განხილვის შემდეგ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

მე წარმოვადგენ იმ მშობლებს, რომელა შვილებსაც თქვენ დღეს უნდა გადაუწყვიტოთ, მისცემთ თუ არა იმის შანსს, რომ ცხოვრობდნენ სამართლებრივ სახელწიფოში და ჰქონდეთ სკოლაში მისვლის და განათლების მიღების უფლება. სკოლისთვის მზად არიან უკვე ეს ბავშვები და ამ დროს, მათთვის იმის თქმა, რომ ისევ განვითარების იგივე ეტაპი უნდა გაიარონ, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება ამ ბავშვების მიმართ, - თქვა სხდომაზე ერთ-ერთმა მშობელმა. 

ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ. მოგვცეთ, უბრალოდ, უფლება, რომ ეს ბავშვები რამენაირად დავარეგისტრიროთ. არ იმსახურებენ ეს ბავშვები ასეთ რთულ ფსიქო-ემოციურ სტრესს. მთელი ცხოვრება ეს ბავშვები თქვეი მადლიერები იქნებიან, როდესაც კანონმორჩილი და სამაგალითო მოქალაქეები გაიზრდებიან, - თქვა კიდევ ერთმა მშობელმა. 

კომიტეტზე მარიამმა ლაშხმა ხაზი გაუსვა, რომ კომიტეტი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან მოქმედებს, რის შემდეგაც პეტიციის ავტორები უარით გაისტუმრეს.

კომიტეტი ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპით. იმ პრინციპით, რომელიც ყველა მოსაზრებაზე მაღლა დგას. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიას მიზანშეუწონლად მიაჩნევს პეტიციის შემდგო შესწავლასა და განხილვას და კომიტეტს წევრებს გთხოვთ, რომ კენჭი ვუყაროთ სწორედ ამ გადაწყვეტილებას, - თქვა კომიტეტის სხდომაზე მარიამ ლაშხმა

კომიტეტის შემდეგ მშობლებმა ირაკლი კობახიძე დებატებში გამოიწვიეს. მათ "ოცნების" პრემიერთან ამ საკითხის განხილვა სურთ.

ახალი რედაქციის და კანონის მიხედვით, პირველ კლასში ჩარიცხვაზე უარი დაახლოებით 8 ათას ბავშვს ეთქვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა შეამცირა საბიუჯეტო ხარჯებიც, რაც დაახლოებით 8 ლნ ლარამდე თანხას გულისხმობს.