სასახლის ღობის საქმე - ვის (არ) სურს საპროცესოს გაფორმება
სასახლის ღობის საქმე - საქალაქო სასამართლოს მესამე დარბაზში იურისტებსა და ბრალდებულებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. ადვოკატები დასაცავ პირებთან საპროცესო შეთანხმების პირობებზე საუბრობენ
პროკურატურას სურს, დაკავებულებმა დანაშაული აღიარონ. შეთავაზებულია ერთი წელი ციხეში და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.
ადვოკატები ამბობენ, რომ სასახლის ღობის საქმეზე დაჭერილების ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმებაზეა თანახმა.
ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურაურისთვის, თუმცა შემოთავაზება პროკურატურის მხრიდან ნამდვილად იყო - ერთი წელი პირობით, ერთი წელი რეალური. ასეთი პირობა გვითხრეს. მე, როგორც მათი უფლებადამცველი, ვალდებული ვიყავი, რომ მათთვის ეს მეთქვა. როგორც პროცესზე განვუმარტე, ასევე ვიყავი პენიტენციურ დაწესებულებაში და მივიღე მათგან უარი, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.
ალექსანდრე ჩილაჩავასთვის არავის შეუთავაზებია საპროცესო შეთანხმება, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სხვა ბრალდებულების მიმართ არსებობდა მსგავსი შეთავაზება და ამაზე მე ალექსანდრე ჩილაჩავასთან ვისაუბრე და მისი პოზიცია არის ასეთი, რომ არცერთ შემთხვევაში არ აპირებს, საპროცესო შეთანხმების დადებას პროკურატურასთან, - ამბობს კიდევ ერთი ინტერესების დამცველი ჯემალ ჭკადუა.
ასევე ცნობილია, რომ ბრალდებულების მეორე ნაწილმა საპროცესო შეთანხმება თავად მოითხოვა, რადგან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვთ.
გარკვეულმა ბრალდებულებმა ნამდვილად მიმართეს საპროცესოსთან დაკავშირებით, თუმცაღა მოლაპარაკება მიმდინარეობს და რა აზრი ექნებათ პატიმრებს, ამასთან დაკავშირებით შემდგომში მოგახსენებთ. ძალიან ბევრს აქვს ძალიან მძიმე ავადმყოფობები, მათ შორის, ჩემსას და თუ იმის საშუალებას მისცემს საპროცესო, რომ გარეთ გამოვიდნენ, ალბათ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, - ამბობს კიდევ ერთი ადვოკატი.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლენე. ასევე, არ აის გამორიცხული, სხდომაზე ის ექსპერტი გამოიკითხოს, რომელმაც სასახლის ღობე დაათვალიერა და დასკვნა დაწერა.