ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - რა ხდება სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროცესი მიმდინარეობს. წინა სხდომებისგან განსხვავებით, დღეს, სასამართლოს ეზოში ლევან ჯანგველაძისა და ძმები მიქაძეების მხარდამჭერები არ არიან მობილიზებულები. ადგილზე კი მხოლოდ რამდენიმე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი პატრულირებს.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე ძებნილი გიორგი ჯოხაძის ცოლი უნდა გამოიკითხოს. ბრალდების მხარეს აინტერესებს რატომ ირიცხებოდა მისი ანგარიშიდან გელა უძილაურთან თანხები.
დღესვე დაიკითხება გიორგი მიქაძის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს მიქაძის გადაადგილებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, პროცესზე მიიყვანენ ძმები მიქაძეების მფლობელობაში არსებულ საშხაპის თანამშრომელს, რომელიც ადგილზე გამართული "აუდიენციების" შესახებ კითხვებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ წინა პროცესების დროს ლევან ჯანგველაძისა და ძმები მიქაძეების მხარდამჭერები სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით სულ 16 პირი დააკავეს, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა სამის მიმართ დაიწყო. დაკავებული სამი პირი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.