რა დროს კორპუსებია? - გურგენიძის პასუხი კითხვაზე, რა ბედი ელის სტუ-ს შენობებს
მთავრობის ადმინისტრაციაში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. "ოცნების" ხელისუფლების განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმა „შრომის ბაზრის სიღრმისეულ კვლევას“ ეფუძნება, თუმცა უნივერსიტეტების ნაწილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვლევის მომზადებაში ჩართული არ ყოფილან.
სხვა რექტორებისგან განსხვავებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, პრეზენტაციაზე მისვლისას განაცხადა, რომ კვლევის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. „რა თქმა უნდა, მქონდა ინფორმაცია,“ – აღნიშნა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, რა გადაწყდა უნივერსიტეტის კორპუსებთან დაკავშირებით, გურგენიძემ უპასუხა: „რა დროს კორპუსებია?!“
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა საუნივერსიტეტო შენობები, რომელთაც, მისი თქმით, რეფორმა არ შეეხება. როგორც მან განაცხადა, უცვლელი დარჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები, რადგან „ეს შენობები თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილია“. პრემიერის თქმით, ცვლილებები არ იგეგმება არც სამედიცინო უნივერსიტეტის კორპუსებზე.
რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, კობახიძის განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება სტუ-ს ხელმძღვანელობასთან და აკადემიურ საბჭოსთან ერთად მიიღება.