დობორჯგინიძე: არ შეიძლება სისტემის ასე დაჭრა უნივერსიტეტების გარეშე

24.02.26 14:05
დობორჯგინიძე: არ შეიძლება სისტემის ასე დაჭრა უნივერსიტეტების გარეშე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო სისტემაში ცვლილებების გატარება აკადემიური წრეების სრულფასოვანი ჩართულობის გარეშე „გაუგებრობებსა და დისბალანსს“ იწვევს. მისი კომენტარი შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციას მოჰყვა, სადაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანალიზმა უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობები გამოავლინა.

არ შეიძლება საუნივერსიტეტო სისტემის ასე უნივერსიტეტის წარმოადგენლების გარეშე ასე დაჭრა, შეცვლა და ეს იწვევს მერე ძალიან დიდ გაუგებრობებს. მაგალითად, არასაჭირო სპეციალობებზე მოთხოვნებს და საჭირო სპეციალობებზე პირიქით. აღარაფერს ვამბობ ფსევდომეცნიერებებზე და რაღაცა შარლატანობაზე, - ამბობს ნინო დობორჯგინიძე. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შრომის ბაზრის სიღრმისეულმა კვლევამ უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი დისბალანსი გამოავლინა. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის წლიური მოთხოვნა იურისტებზე საშუალოდ 678-ს შეადგენს, მაშინ როცა კურსდამთავრებულთა რაოდენობა ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

ივანიშვილის პრემიერის შეფასებით, დეფიციტი ფიქსირდება პედაგოგიკაში, საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებში, ასევე საექთნო, სამეანო და სოციალური მუშაობის სფეროებში.

კობახიძის თქმით, მიღება უნივერსიტეტებში ოპტიმალურ მაჩვენებელს დაახლოებით 50%-ით გადააჭარბებს, თუმცა პროცესი ეტაპობრივად დაუახლოვდება შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებს.