ბრიტანეთის სანქციების გამო, "იმედი" და PostTV-ი რეკლამის საფასურს ვეღარ მიიღებენ - იურისტი
"გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, სანდრო ქევხიშვილი TV პირველთან განმარტავს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტელეკომპანია "იმედი" და PostTV-ი რეკლამის საფასურს ვეღარ მიიღებენ.
მისი განმარტებით, ბანკებს, რომლებიც დასავლური ფინანსური სისტემის ნაწილი არიან (ქართული ბანკები არიან ამ სისტემის ნაწილი), დასანქცირებულ ტელეკომპანიებთან ტრანზაქციები ეკრძალებათ.
სანდრო ქევხიშვილი აღნიშნავს, რომ ამიერიდან "იმედი" ვეღარ შეძლებს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას - მოუწევთ მაშინ "ქეშად" (ნაღდი ფულით) თანხის დარიგება.
შეზღუდვები ეხებათ ბრიტანეთის მოქალაქეებს, თუმცა სანქცია როგორ მუშაობს ნახეთ, ქართული ბანკები, რომლებიც არიან დასავლური ფინანსური სისტემის ნაწილი, მათაც ეკრძალებათ ტრანზაქციები "იმედთან" და ასევე ტრანზაქციების გატარება იმედისთვის. ანუ, "იმედი" ამ სანქციის გამო ვერ შეძლებს მათი თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდას, მათ მოუწევთ მაშინ "ქეშად" (ნაღდი ფულით) თანხის დარიგება. "იმედი" ვერ მიიღებს რეკლამის საფასურს, ანუ კომპანიები, ვისაც მიაქვს რეკლამა "იმედში", ისინი ხომ ბანკის საშუალებით რიცხავენ, სავარაუდოდ, ღირებულებას რეკლამის, ვეღარ გადარიცხავენ ბანკი არ გაატარებს უბრალოდ.
ამიტომ, გასაგებია ეს შეზღუდვა ეხება ბრიტანეთის მოქალაქეებს, თუმცა რეალურად სანქცია მუშაობს ასე, რომ ვინც კი არის დასავლურ ფინანსურ სისტემაში ჩართული და ჩენი ბანკები არიან, ყველანაირი სერვისი, მომსახურება წყდება ამ კომპანიასთან.
ამიტომ, საკმაოდ დიდი ზიანი მიადგება "იმედს" და არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ბრიტანეთში იყოს რეგისტრირებული კომპანია," - ამბობს სანდრო ქევხიშვილი.