სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას ნიკოლაი ბელიკოვის რუსეთში დეპორტაცია აუკრძალა

24.02.26 14:44
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას ნიკოლაი ბელიკოვის რუსეთში დეპორტაცია აუკრძალა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დროებით აუკრძალა რუსეთის მოქალაქის, ნიკოლაი ბელიკოვის საქართველოდან გაძევება. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბელიკოვის ადვოკატმა, დავით მჟავანაძემ განუცხადა.

იურისტის განმარტებით, ეს შუალედური ზომაა, რომელიც ძალაში იქნება იქამდე, სანამ სასამართლო ბელიკოვის სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ბელიკოვი საქართველოში მიღებულ დეპორტაციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბელიკოვის გაძევება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის 2025 წლის 22 ოქტომბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. სასამართლომ მას ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდგომ დეპორტაცია შეუფარდა, რაც სააპელაციომ ძალაში დატოვა.

ბელიკოვი საქართველოში 10 წელზე მეტია ცხოვრობს და პარალელურად დავობს ბინადრობის უფლების გახანგრძლივებაზე. ადვოკატის თქმით, რუსეთში მისი დაბრუნება შესაძლოა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყოს.