"რატომ უკეთებდნენ ავალიანს ნარკანს" - მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა ექიმების პასუხისმგებლობას აყენებს

24.02.26 15:45
"რატომ უკეთებდნენ ავალიანს ნარკანს" - მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მამა ექიმების პასუხისმგებლობას აყენებს

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სამი მთავარი მოწმე იკითხება. აღნიშნული პირები ის ადამიანები არიან, ვინც თავდასხმის შემდეგ გონებადაკარგული მასწავლებელი პირველებმა ნახეს. 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების მშობლები ირწმუნებიან, რომ მოწმეებს "პროკურატურამ ჩვენება შეაცვლევინა". 

ამასთან, ალექსანდრე გაბაშვილი [გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა] აღნიშნავს, რომ იმ საავადმყოფოს მიმართ, სადაც ახალგზარდა მასწავლებელი დაზიანებებით გადაიყვანეს, გამოძიება დღემდე არ დაწყებულა და რომ არავინ იძიებს, რატომ უკეთებდნენ კუჭის გამორეცხვას და ნარკანს.

სულ არის 5 ადამიანი, პირველად ვინც იდგნენ იქ ბიჭები, ვინც მივიდნენ, ვისაც დაუძახეს დასახმარებლად, 2 მათგანი პროკურატურამ უკვე დაკითხა ცალკე ჩვენებაში და ცალკე სასამართლოში, ორივემ აღიარა, რომ გიგა ავალიანი იყო ყველანაირი დაზიანების გარეშე, ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონია, ალბათ, ეს სამივე იგივეს გაიმეორებს ახლა. 

იქვე მდგომი ბავშვები იყვნენ, 20 წლის ბავშვები, რომლებსაც დაუძახეს დასახმარებლად, რომლებმაც გამოუძახეს მერე სასწრაფოს. 

ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არიან იმიტომ, რომ ზუსტად ამ მოწმეებმა თქვეს, რომ სანამ სასწრაფო მოვიდოდა გიგა წამოიწია, მოწყვეტით გადავარდა უკან და დაარტყა თავი ისე, რომ ჰქონდა ხმა. ზუსტად ეს ჩვენება, თვენახევარში, პირველი ჩვენების შემდეგ პროკურატურამ შეაცვლევინა. 

პასუხები ვერ მივიღეთ ვერანაირი, დღემდე არანაირი გამოძიება საავადმყოფოს მიმართ არ დაწყებულა. არავინ არ იძიებს რატომ უკეთებდნენ კუჭის გამორეცხვას და უკეთებდნენ ნარკანს," - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი. 

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ. 

  • ცნობისთვს, 10 თებერვალს, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული მოზარდები სხვა  ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდნენ და შემდეგ მასში იღებდნენ მონაწილეობას. უწყებამ გაავრცელა კადრებიც. 
  • გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
  • პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო.