მერიას თბილისის ანძის უკრაინის ფერებში განათების თხოვნით მიმართეს - აქტივისტებს პასუხი არ მიუღიათ
"გამარჯვება უკრაინას, გამარჯვება საქართველოს" - თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ომის დაწყების 4 წლის თავთან დაკავშირებით მშვიდობის ხიდზე აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშა და მხარდამჭერი ბანერები გადმოფინეს.
სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა, რეალურად, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ბრძოლაც, ჩვენი გამარჯვებაც, მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად სირთულეებისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი და ქართული საზოგდოება მუდამ მათ გვერდითაა, - ამბობს აქციის მონაწილე.
სამოქალაქო საზოგადოებამ "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის" დედაქალაქის მერს მიმართა, განათდეს თბილისის ანძა უკრაინის ფერებში, თუმცა მათი თქმით, პასუხი არ მიუღიათ.
ჩვენმა ორგანიზაციამ მიმართა მერიას თხოვნით, რომ განათდეს ანძა უკრაინის ფერებში მათ მხარდასაჭერად, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. მოლოდინი? ირანის ფერებში რომ გაანათებენ ანძას, რა მოლოდინი შეიძლება, გვქონდეს? ამ დღეს ანძის უკრაინის ფერებში არგანათება უბრალოდ, არ შეიძლება, - ამბობს პროტესტის მონაწილე.