ჩვილს, რომელსაც დედამ ყელის არეში დაზიანებები მიაყენა, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა - ქალი ბრალის წარდგენის მოლოდინშია
დედა, რომელმაც რამდენიმე წუთის გაჩენილ შვილს უმძიმესი დაზიანებები მიაყენა, ბრალის წარდგენის მოლოდინშია. კლინიკის დირექტორი "პირველებს" უდასტურებს, რომ ქალი საბადრაგო სამსახურმა კლინიკიდან უკვე გაიყვანა.
ექიმი ამბობს, რომ ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მას ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა. მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტთან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები უწყვეტად მუშაობდნენ, მის პალატას კი შესბამისი უწყების თანამშრომლები იცავდნენ.
გადაიყვანეს სამართალდამცველმა ორგანოებმა, სად წაიყვანეს არ ვიცი. აი, ერთი საათია, რაც გაეწერა. გაკეთდა ექოსკოპია, გაკეთდა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, აბსოლუტურად ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო, - ამბობს კლინიკის დირექტორი.
რაც შეეხება ჩვილის მდგომაროებას, ჯუმბერ უნგიაძე განმარტავს, რომ ჩვილს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ამ დროისთვის, ექიმების დაკვირვებით, ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებელია. ამის მიუხედავად, მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა, მისი თბილისში ტრასპორტირება ვერ ხერხდება.
ბავშვის მდგომარეობა რჩება მძიმე, ცოტა ოდნავ გაუმჯობესებით, შანსები ახლა უფრო გვაქვს. არ გადაგვიყვანია თბილისში, ამის აუცილებლობა ახლა არ არის, ერთი. მეორე - ბავშვის მდგომარეობა ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება. როგორც კი იქნება უკეთესობა, ალბათ ბავშვს დასჭირდება შემდგომი პლასტიკური ოპერაციები და ამაზე უკვე, რა თქმა უნდა, შეიძლება, გადავიყვანოთ თბილისში, - ამბობს უნგიაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ჩვილს ყელი გამოჭრა.