ილიაუნის პროფესორები: უნივერსიტეტი არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ბაზრის კვლევაზე დაფუძნებით
ილიაუნისთან მორიგი საგანგებო განცხადება გაკეთდა - ამჯერად ფსიქოლოგები, სოციოლოგები, კინომცოდნეები და არქეოლოგები ცდილობდნენ აეხსნათ, რა საფრთხეების შემცველია ამ მიმართულებების გაუქმება სასწავლებელში.
მათი მიზანია საზოგადოებასთან ერთად, ხელისუფლებასაც მიაწვდინონ ხმა, რომ ისინი აპროტესტებენ განათლების რეფორმას და კიდევ ერთხელ მოითხოვენ, ეს რეფორმა უკან იქნას წაღებული.
უნივერსიტეტის პროფესორმა, ემზარ ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე მონოკულტურული იყო - „ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი“ - და არსებობს საფრთხე, რომ ეს მოდელი კვლავ შენარჩუნდეს.
მისი თქმით, ერთ ქალაქში მსგავსი სპეციალობების არსებობა აუცილებელია განსხვავებული აკადემიური ხედვებისა და თეორიების განვითარებისათვის.
„ვფიქრობთ, რომ საბჭოთა კავშირში ჩვენი კულტურა იყო მონოკულტურა - ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი. ვშიშობ, დღეს ამ მოდელში ვრჩებით. თუნდაც ერთ ქალაქში ორი ერთმანეთის მსგავსი სპეციალობის არსებობა იმისთვის არის საჭირო, რომ საფუძველი ჩავუყაროთ შემდგომში განსხვავებული ხედვის მიდგომებისა და თეორიების წარმოშობას, თუ არ იქნება ეს შესაძლებლობა, მაშინ გექნება მონოკულტურა, რომელსაც ჩვენი თაობის საზოგადოება ვიყავით მიჩვეულები.
ილიას უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულება არსებობს მისი დაარსების დღიდან. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევძელით მრავალი პროფესორის, კურსდამთავრებულის მომზადება, გამოვეცით მრავალი ნაშრომი, სახელმძღვანელო და ეს არის ჩვენი წვლილი. ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ კვლევით ცენტრებში.
უნივერსიტეტი არ უნდა იყოს მიბმული ბაზაზე. უნივერსიტეტის იდეა გულისხმობს ფართო განათლების მქონე ინტელექტუალური ადამიანის აღზრდა და მისთვის ასპარეზის მიცემას. მხოლოდ ბაზრით გადაწყვეტა იმისა თუ რა სპეციალობები გვჭირდება, ეს არ არის სწორი. ვაპირებთ, რომ არ გავჩერდეთ და დავარწმუნოთ ყველა, რომ სოციოლოგიის მიმართულების გაუქმება არ მოუტანს კარგ შედეგს არც ქვეყანას და არც საზოგადოებას",- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.