სასახლის ღობის საქმე - მოწმე სპეცრაზმელმა ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნო
სასახლის ღობის საქმეზე დღეს სასამართლოში სამი მოწმე გამოიკითხა. მათ შორის იყო სპეცრაზმელი იოსებ როსტიაშვილი, რომელსაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს.
პროცესზე მოწმეს ადვოკატების კითხვებისგან დღეს მოსამართლე იცავდა. თავდაპირველად მოწმემ ჩვენებაში თქვა, რომ 4 ოქტომბერს მომიტინგეები ქვეყანას ანგრევდნენ, თუმცა როდესაც ადვოკატმა კითხვა დაუზუსტა, იოსებ როსტიაშვილმა ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ აქციის მონაწილეები არა ქვეყანას, არამედ ქალაქს ანგრევდნენ.
კითხვაზე, შეეძლო თუ არა რომელიმე ბრალდებულის ამოცნობა, მოწმემ უარით უპასუხა.
ვერცერთ ბრალდებულს ვერ ამოვიცნობ, არცერთზე მითითება არ შემიძლია, - თქვა სპეცრაზმის წარმოამდგენელმა.
ადვოკატების კითხვა, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სპეცრაზმის მოქმედებებს ეხებოდა, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განრიდებულად გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე მოწმემ ასევე თქვა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების დროს მას ჩაფხუტი დაუზიანდა, თუმცა ადვოკატის კითხვაზე, სად იყო აღნიშნული მტკიცებულება, მან თქვა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
ადვოკატები პირდაპირ ამბობენ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პრიკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია და ადამიანები, რომლებიც განსასჯელის სკამზე სხედან, უდანაშაულოები არიან.
ხელს არავის ადებენ. რას ამტკიცებს ამით პროკურატურა, გაუგებარია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია დანაშაული. თან როცა "იმედის" და "პოსტ ტვ"-ის პროპაგნდა მიმართულია ამ ადამიანების წინააღმდეგ და "იმედი" უსინდისოდ იტყუება, როცა ამბობს, რომ გიორგი კირვალიძის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა მაშინ, როცა არა თუ აღიარებითი, არამედ ზოგადად, მისი ჩვენება ფიზიკურად არ არსებობს საქმეში, მინიმუმ კონტურები ჩანს, რომ ვიღაც დაინტერესებულია ამ საქმეზე კონკრეტული განაჩენის გამოსვლით, - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.
ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ მტკიცებულება თავად ის ვიდეოჩანაწერია, რომელიც სასახლის ღობის საქმის ეპიზოდს ასახავს.