ბრიტანული სანქციების ეფექტი - "იმედს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ტოვებენ
ბრიტანული სანქციებიდან ზუსტად 24 საათში, იუსტიციის სახლში, "იმედის" ყოფილი მფლობელი, ირაკლი რუხაძე დღეს საკუთარი ფეხით მივიდა და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. რუხაძესთან ერთად სანქციებიდან მეორე დღეს "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრი წავიდა. განცხადებაში წერენ, რომ წასვლის გადაწყვეტილება მანამდე ჰქონდათ მიღებული, თუმცა ფაქტია, განცხადებები იუსტიციის სახლში მას შემდეგ შეიტანეს, რაც მინიმუმ ორმა ბანკმა "იმედის" ანგარიშები გათიშა და სანქციებმა მუშაობა დაიწყო.
დატოვა თუ არა "იმედის" სამეთვალყურეო საბჭო, ყველა წევრმა - სწორედ სანქციების შიშით, საბჭოს წევრები სხვა არა ერთ ბიზნესის მფლობელები არიან, პარალელურად სანქცირებულ კომპანიაში მათი მუშაობა დარტყმა იყო მათი მრავალმილიონიანი აქტივებისთვის. სალომე ზურაბიშვილს ეჭვი აქვს, რომ ირაკლი რუხაძემ, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და ბრიტანეთში არაერთი ბიზნესის მფლობელი, წინასწარ იცოდა მოსალოდნელ სანქციებზე და ამიტომ გაიქცა.
"იმედის" დასანქცირებიდან მეორე დღეს ტელეკომპანიის ანგარიში საბანკო სისტემაში აღარ იძებნება. საჯაროდ გამოქვეყნებულ ხელშეკრულებებში, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" სახელით არის გაფორმებული, ტელევიზიის ანგარიშის ნომერიცაა ხელმისაწვდომი, თუმცა თუ ვინმე ამ ანგარიშზე მარტივი ექსპერიმენტის საშუალებით ცდილობს თანხა ჩარიცხოს, ბანკის წერს, რომ ასეთი ანგარიში აქტიური არ არის.
ნიშნავს თუ არა "იმედის" ანგარიშის დაბლოკვა ბრიტანული სანქციების აღსრულების დასაწყისს? - "TV პირველმა" "საქართველოს", "თიბისის" და "ლიბერთი" ბანკს მიმართა და მათგან ოფიციალურ განმარტებას ველით. ვიდრე გაირკვევა, როგორ აპირებენ ბანკები საერთაშორისო სანქციების აღსრულებას, PosTV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ირწმუნება, რომ ბანკების ნაწილი ბრიტანეთის აგენტია ამიტომ ახალ სანდრო პარტნიორებს ეძებს.
ვიდრე ვიქტორ ჯაფარიძის PosTV-ში სრულიად ახალი ფინანსური რეალობა დადგებოდა, 25 დღით ადრე თავისი 52%-იანი წილი სამართავად კასპის მერის ყოფილ მოადგილეს გადასცა. იცოდა თუ არა წინასწარ მოახლოებული სანქციების შესახებ - ამ კითხვაზე პასუხად გვიმტკიცებს, რომ წილის მართვის გასხვისების ვალდებულება კანონით ჰქონდა.
რა ეფექტი ექნება ბრიტანულ სანქციებს - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, რომ სანქციების დაწესებისთანავე საერთაშორისო საბანკო სისტემაში ორივე კომპანიის ანგარიშები გაიყინება და ვერანაირ საერთაშორისო გადარიცხვას ვეღარ შეძლებენ.
"იმედთან" და PosTV-სთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება გაუჭირდება ბიზნესსაც, რადგან სანქცირებულ კომპანიებთან ფინანსურ ოპერაციებში შესვლა პირველ რიგში რეპუტაციული ზიანია, შემდეგ უკვე ფინანსური და საბანკო პრობლემები თავად ამ კომპანიებისთვის. განსაკუთრებით საქმე ეხება საერთაშორისო ბრენდებს და მათ წარმომადგენლობას საქართველოში.