"ოცნებას" მოუწევს ან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, ან ამ ტელეკომპანიების დათმობა" - გიორგი ხიშტოვანი
ეკონომისტი, გიორგი ხიშტოვანი დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისა" და PosTV-ს დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ან დათმოს ეს ორი ტელეკომპანია, ან მძიმე გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელშიც შედის ეროვნული ბანკის იძულება.
გიორგი ხიშტოვანი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, უფრო სავარაუდოა "ქართულმა ოცნებამ" დასანქცირებული ტელეკომპანიები დათმოს, რადგან ალტერნატიული სცენარი, რომ "იმედი 2" ან PosTV2 შეიქმნას, თუ ისევ იგივე პოლიტიკა გააგრძელდება, სარისკოა.
მე მგონია, რომ ისინი არიან უმძიმეს სიტუაციაში, რეალურად. მე მგონია, რომ იმდენად პრობლემური გახდება... ანუ ზოგადად სიახლეა, ეს იურიდიული პირის დასანქცირება რას ნიშნავს და ეს ბევრად უფრო რთული სცენარია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ახლა იქნება გაუთავებელი კრიზისული შეხვედრები - რა ხდება და ან მოუწევს "ქართულ ოცნებას" ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებზე წასვლა და მათ შორის ეროვნული ბანკის იძულება, რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არის ძალიან სარისკო მისთვის, ან მოუწევს რაღაც ალტერნატივის მოფიქრება, ანუ დათმობა ამ ორი ტელეკომპანიის.
მე უფრო ვეჭვობ, რომ ისინი დათმობენ ამ ორ ტელეკომპანიას და რაღაც ალტერნატიულ სცენარს მოიფიქრებენ, რომელიც მესახება უფრო მარტივად განხორციელებადად, მაგრამ საშუალო პერსპექტივაში, თუ ისევ იგივე პოლიტიკა გააგრძელა "იმედი 2-მა" ან PosTV2-მა, ეჭვი მაქვს, რომ იგივე რისკებია, ისინიც დასანქცირდნენ.
ამიტომაც, არცერთი ოფცია არ არის ოპტიმალური, მაგრამ ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ამ ორი ტელეკომპანიის დათმობა," - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.