სასახლის ღობის საქმე - 4 ოქტომბრის ორგანიზატორების პროცესზე დაზიანებული კაფე-ბარის მეპატრონე დაიკითხება
სასახლის ღობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და სხვა დაკავებულების დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან.
ერთ-ერთი პირი კაფე-ბარ "შუა ქალაქის" მეპატრონეა, რომელიც აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის აქციის შედეგად მის ბიზნესს 20 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიადგა.
პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით, ფაფის მეპატრონეს არ შეუძლია კონკრეტული პირების ამოცნობა, თუმცა ამბობს, რომ ზიანი უშუალოდ აქციის მონაწილეებმა მიაყენეს.
ამასთან, დღესვე გამოიკითხება გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად დაასურათა და კონკრეტული დეტალები აღწერა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელი მოწმე-გამომძიებელი, ასევე დაიკითხებიან დაზარალებულები, მათ შორის ფიზიკური პირი, კონკრეტულად კაფე-ბარ "შუა ქალაქის" მეპატრონე, რომელსაც მიადგა ზიანი მატერიალური.
დაზარალებულები ისაუბრებენ მათთვის მიყენებულ ფიზიკურ და ქონებრივ ზიანზე, უშუალოდ კაფის მეპატრონე ბრძანებს, რომ დამწვარი იყო მთლიანად მისი ტერიტორია და მიადგა 20 000 ლარამდე მატერიალური ზიანი. კონკრეტულ პირთა ამოცნობა, ამ შემთხვევაში, თავად დაზარალებულს, ვინც კაფის მეპატრონეა, არა, თუმცა ბრძანებს, რომ უშუალოდ აქციის მონაწილეების მიერ მოხდა დაზიანება.
რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის ადგილის დამთვალიერებელ გამომძიებელს, მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაასურათა ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად და აღწერა კონკრეტული დეტალები," - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
[ფოტო: არქივიდან]