სასახლის ღობის საქმეზე გამოკითხეს პოლიციელი, რომელიც რეზიდენციასთან ტურისტების უსაფრთხოებისთვის პატრულირებდა - ვერ ასხვავებს წიწაკის სპრეის და მხუთავ აირს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და სასახლის ღობის საქმეზე სხვა დაკავებულების პროცესზე მოწმე-პოლიციელი გამოიკითხა, რომელსაც აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
როგორც ირკვევა, დაკითხული ნინო ჯიოშვილი ათონელის სასახლეში ტურისტების უსაფრთხოების მიზნით პატრულირებდა. მას მასების მართვაში მონაწილეობა მანამდე არ მიუღია, არ იცის როგორ ხდება აქციის დაშლა და წიწაკის სპრეის და მხუთავ აირს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, თუმცა 4 ოქტომბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უკანა მხარეს აღმოჩნდა, რა დროსაც მყესის დაზიანება მიიღო.
ნინო ჯიოშვილის განცხადებით, მას არ შეუძლია დაასახელოს კონკრეტული პირი, რომელმაც დაზიანება მიაყენა.
ამასთან, მისივე თქმით, არ შეუმჩნევია, რომ აქციის მონაწილეებს, 4 ოქტომბერს, ვინმე მითითებებს აძლევდა.
მარცხენა სახსარში მქონდა ქსოვილების დაზიანება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ნივთების სროლა... ჩემი ვარაუდით იყო ჯებირის ნაწილი, ფეხი შეიძლება ჯებირის... კონკრეტულ ადამიანს ვერ დავასახელებ....
მე არ შემიმჩნევია, არ დამინახავს [რომ აქციის მონაწილეებს მითითებებს აძლევდა].
ეზოში გამოსულს მე პაატა ბურჭულაძე არ დამინახავს.
სეზონურად როცა ხალხის რაოდენობა მომატებულია ქვეყანაში ტურისტების სახით, ჩვენ ვართ ტურისტულ უბნებში ძირითადად გადანაწილებული, სადაც ხალხმრავლობაა და ერთგვარად ვზრუნავთ იმაზე, რომ ტურისტი იყოს უსაფრთხოდ.
მხუთავი აირი არის სპრეის სახით გამოყენებადი. მე აქციის დასაშლელად არ ვყოფილვარ," - თქვა სასამართლოზე თამარ ჯიოშვილმა.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.