ხმაური სასამართლოში - ერთმანეთს სასახლის ღობის საქმის ადვოკატი და პროკურორი დაუპირისპირდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე, აწ უკვე შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ილია ბერიშვილი გამოიკითხა. მოწმის დაკითხვის დროს, ერთმანეთს სიტყვიერად დაცვის მხარის ადვოკატი და პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი დაუპირისპირდნენ.
რა მოხდა?
როგორც "პირველების" კორესპოდენტი სასამართლოდან იუწყება, პროცესზე ილია ბეროშვილმა განაცხადა, რომ ის 8 ოქტომბერს "პირად კონტაქტს" დაუკავშირდა და უთხრა, რომ თუ რამე იცოდა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, მისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია.
- მოწმემ მისი კონტაქტის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და მის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია ყოველთვის მართლდებოდა.
ილია ბეროშვილის თქმით, მისთვის ნდობით აღჭურვილმა პირმა 9 ოქტომბერს დაურეკა და უთხრა, რომ გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა მასთან პირად საუბარში განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის მთავარი ორგანიზატორი თავად იყო. ამასთან, Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოების "ლინკები" გაუზიარა ილია ბერიშვილს, რის შემდეგაც დღევანდელი პროცესის მოწმემ გადაწყვიტა, შაიშმელაშვილის წინააღმდეგ ოქმი შეედგინა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
მივიღე ოპერატიული ინფორმაცია და გამოძიება დაიწყო. 9 ოქტომბერს შედგა კომუნიკაცია და მითხრეს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ ჰქონდათ ინფორმაცია. მომაწოდა "ლინკები", რომელიც ჩემს პერსონალურ კომპიუტერში გავხსენი. "ლინკები" იყო "ტიკ-ტოკისა" და სოციალურ ქსელებში ატვირთული სხვა ინფორმაციები. "ლინკები" გავხსენი, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილი კარგად ჩანდა, ის აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა ებრძოლათ შსს-ს თანამშრომლების წინააღდეგ. ასევე, ის საუბრობდა, რომ შსს 500-კაციან ჯგუფს შექმნიდა, რომლებიც აქციის მონაწილეებში გაერეოდნენ და ისეთ მოქცევას დაიწყებდნენ, რომ პოლიცია იძულებული გახდებოდა აქცია დაეშალა.
ასევე, ერთ-ერთი "ლინკი" იყო ნანა სანდერის პოსტი, სადაც საუბარი იყო, რომ მას ირაკლი შაიშმელაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია და მან განუცხადა, რომ ის იყო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ასევე მის მიერ დაიგეგმა აქციის მონაწილეებისთვის საბრძოლო გეგმა. ასევე, ამავე პოსტში ეწერა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, 50 სპეცრაზმელი დაყრიდა სპეციალურ ეკიპირებას და ხალხის მხარეს გადავიდოდა.
ასევე, ოპერატიულ წყაროსაც ჰქონდა ირაკლი შაიშმელაშვილთან კომუნიკაცია და მასაც განუცხადა, რომ ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო," - განაცხადა მოწმემ სასამარლოზე. [შიფრი: Ipn.ge]
"TV პირველის" ჟურნალისტის ცნობით, მოწმის ჩვენების დროს ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაინტერესდა რატომ არ იყო ოქმში ჩაწერილი, რომ 4 ოქტომბრის დიდი შეკრების მთავარი ორგანიზატორი ირაკლი შაიშმელაშვილი იყო.
უფლებადამცველმა მოწმეს კითხვა რამდენჯერმე გაუმეორა, თუმცა ის პასუხს არ სცემდა. საბოლოოდ, ერთმანეთს სიტყვიერად პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი და შოთა თუთბერიძე დაუპირისპირდნენ.
მოწმემ სასამართლოში განმარტა, რომ მისი წყარო პირადი კონტაქტი იყო და არა კონფიდენტი. ადვოკატებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ თუ მისი წყარო პირადი კონტაქტი იყო მოწმეს ევალებოდა სასამართლოსთვის დაესახელებინა ის, მიეწოდებინა ინფორმაცია. თუმცა მოწმემ ეს არ გააკეთა, რის საპასუხოდაც ადვოკატებმა პროკურატურისგან და სასამართლოსგან ილია ბერიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვეს, ვინაიდან ის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს.
მოწმეს კითხვები დაუსვა ირაკლი ნადირაძესაც:
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ ბრალდების მხარის მოწმის ჩვენება გურულების ანეგდოტს შეადარა - "ამან იმას ის უთხრა" - რა სტანდარტია? ამაზე გურულების ანეკდოტი გამახსენდა - "მოვიდა ვინცხა, მოიტანა რაცხა და წავიდა საცხა" - ეს იყო მთელი ჩვენება".
ირაკლი ნადირაძემ ილია ბეროშვილს ჰკითხა, მის წყაროს ხომ არ მიუწოდებია სხვა ბრალდებულების შესახებ ინფორმაცია, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ "არ ახსენდებოდა".
20 წელი გიმსახურიათ და ვაფასებთ. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ კონფიდენტი. თქვენი ჩვენება აგებულია კონფიდენტზე, კონტაქტზე, მისტერ-იქსზე, მისტერ-ინკოგნიტოზე. წარმოუდგენელია, "ამან, იმას, ის უთხრა" - რა სტანდარტია? ამაზე გურულების ანეკდოტი გამახსენდა - "მოვიდა ვინცხა, მოიტანა რაღცა და წავიდა საცხა", ეს იყო მთელი ჩვენება.
ჩვენებაში თქვით, რომ მისტერ-იქსმა, მისტერ-ინკოგნიტომ გითხრათ, რომ მას ირაკლი შაიშმელაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც უთხრა, რომ ის იყო მთავარი ორგანიზატორი. აქ ვინც ვართ, სხვა ბრალდებულები, გვედავებიან ორგანიზატორობას, მაინტერესებს რომელიმე ჩვენგანი თუ ვყავართ კიდევ ნახსენები? ან ხომ არ დაგიდგენიათ ჩვენსა და შაიშმელაშვილს შორის კავშირი?" - მიმართა ირაკლი ნადირაძემ მოწმეს. [შიფრი: Ipn.ge]
მოწმემ ილია ბერიშვილმა, ნადირაძეს განუცხადა, რომ გამოკითხვის გარდა მას სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და სხვა დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.