რატომ გაქრა 4 ოქტომბრის საქმიდან მთავარი მტკიცებულება - სასახლის ღობე? - სასამართლოში გამომძიებელი დაიკითხა
რატომ გაქრა 4 ოქტომბრის საქმიდან მთავარი მტკიცებულება - სასახლის ღობე? - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, გამომძიებელი ზურაბ კუპრავა დაიკითხა.
ზურაბ კუპრავამ პრაქტიკულად თქვა, რომ გამოძიებას ათონელის რეზიდენციის ღობის დალუქვა და ნივთმტკიცებად ამოღება არ მოუთხოვია.
მოწმეს კითხვებს სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე უსვამდა. მისი კითხვების საპასუხოდ ზურაბ კუპრავამ განაცხადა, რომ სასახლის ღობე ოთხმა ადამიანმა ოთხ წამში მარტივად წააქცია, რაც დაცვის მხარისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს პროვოკაცია მოუწყვეს.
დადასტურდა, რომ პროკურატურამ, ანუ რეჟიმმა, საქმიდან გააქრო პრეზიდენტის სასახლის ღობის სექციები, რომელზედაც ჩატარებულია ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღობე წინასწარ იყო დაზიანებული, რადგან ამის გამომრიცხავი გარემოება ექსპერტს დადგენილი და შეფასებული არ აქვს.
დღევანდელი განცხადება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, პირდაპირ პროკურორის მითითებით არ მოხდა ღობის სექციის ამოღება, თითქოს იმიტომ, რომ ის დიდი ზომის იყო, მაშინ როდესაც, ღობის სექციების ამოიღება შეუძლებელი არ იყო, პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პროკურატურის ინტერესში არ იყო, რომ საქმეში, მომავალში ობიექტური გამოძიების დროს, ყოფილიყო შესაძლებლობა გადამოწმების, ღობე წინასწარ დაზიანებული ხომ არ იყო," - განაცხადა ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და სხვა დაკავებულების პროცესი დასრულდა.
შემდეგი სხდომა მომავალ ხუთშაბათს გაიმართება.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.