ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესის დეტალები - პროკურატურის მთავარ მოწმეს კითხვები დაკავებულმა ექს-მინისტრმაც დაუსვა

26.02.26 18:39
ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესის დეტალები - პროკურატურის მთავარ მოწმეს კითხვები დაკავებულმა ექს-მინისტრმაც დაუსვა

ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესები სასამართლოში - ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის  მოწმის გამოკითხვა დასრულებულია. სწორედ ზურაბ ტუკვაძემ მისცა ჩვენება თავდაცვის ექსმინისტრის, მისი მოადგილის და კიდევ სამი პირის წინააღმდეგ და მისი ჩვენების საფუძველზე მისცეს პასუხისგებაში 5 პირი.

ტუკვაძე იმ კომპანიის მფლობელია, რომლისგანაც თავდაცვის სამინისტრომ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატი შეისყიდა. ადვოკატები ცდილობდნენ გაერკვიათ, ჰქონდა თუ არა მას გაცნობიერებული, რომ სამინისტროსთან ერთად დანაშაულს სჩადიოდა, რაზედაც მათ დადებითი პასუხი მიიღეს.

ადვოკატების კითხვაზე, ხომ არ აღიძრა მის წინააღმდეგ საქმე და ხომ არ ემუქრება დაკავება, ტუკვაძემ განაცხადა, რომ მსგავსი საფრთხის წინაშე არ დგას.

"გარიგების დადებაში თანამდებობის პირებიდან არავინ დამხმარებია, ეს ვუთხარი გამომძიებელს...ვასილ მხეიძეზე დამისვეს კითხვა, მაგრამ არ დაუსვამთ კითხვა, დამეხმარა თუ არა რაიმე გარიგების დადებაში", - განაცხადა ზურაბ ტუკვაძემ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის შეკითხვის საპასუხოდ.

ტუკვაძეს კითხვა დაუსვა თავად ბრალდებულმაც - ბურჭულაძემ მას ჰკითხა, რა ღირდა სამედიცინო აპარატი, რა ფასად მიჰყიდა კომპანიამ და გადაიხადა თუ არა თავდაცვის სამინისტრომ იმაზე ბევრად მეტი, რაც იყო თვითღირებულება, რაზედაც მოწმემ უპასუხა, რომ აპარატის თვითღირებულება იმაზე ნაკლები არ ყოფილა, რა ფასადაც მან სამინისტროს მიჰყიდა.

ვასილ მხეიძის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით, დღევანდელი პროცესით ნათლად გამოჩნდა მოწმესა და საგამოძიებო ორგანოს შორის დადებული გარიგების შესახებ, რაც მისი ხელშეუხებლობის გარანტი გახდა.

დღევანდელ სხდომაზე მან აღიარა, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე აღიარა, რომ ის აცნობიერებს ამას, თუმცა, არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ მიეცა პასუხისგებაში. აღნიშნულით ნათლად დადასტურდა, რომ მოხდა გარიგება საგამოძიებო ორგანოსა და ამ პიროვნებას შორის, რომ მას აპატიებდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს, თუ ის ხელს დაადებდა სხვადასხვა პირებს, მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს. ასეთი მოწმის ჩვენება, რათქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 4 მარტს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.