ბანერის საქმე - ელენე ხოშტარია არც დღევანდელ პროცესს დაესწრება
ბანერის საქმე - დატოვებს თუ არა ციხეს კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი. ელენე ხოშტარიას პატიმრობიდან ექვსი თვე გავიდა, დღეს კი პოლიტიკოსის საქმეზე სასამართლო სხდომაა ჩანიშნული.
სხდომას არ დაესწრება თავად ხოშტარია. სასამართლო პროცესზე არ იქნება არც მისი კანონიერი წარმომადგენელი. სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი ადვოკატი დაესწრება, რომელმაც გუშინ ხოშტარია ციხეში მოინახულა.
როგორც ის ამბობს, ოპოზიციონერმა ლიდერმა უთხრა, რომ არ სურს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვას, შესაბამისად, ის დაელოდება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე გიორგი არევაძე.
თქვენგან მესმის, რომ დღეს ვერ შეძლებს ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოდგენას. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას პოზიციას, მე მას გუშინ შევხვდი, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი მკაფიო პოზიცია რაც თქვენთვის თავიდანვე ცნობილია, ისევ უცვლელია, ის ამ საქმეს არ ცნობს სისხლის სამართლის საქმედ და შესაბამისად, არ სურს მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. არ სარგებლობს მისთვის კანონით გარანტირებული უფლებით, იქნება ეს მტკიცებულებების გამოკვლევაში მონწაილეობის მიღება თუ დასკვნითი სიტყვა. შესაბამისად, მე ვხელმძღვანელობს მისი პოზიციით და არ ვაპოირებდი დღეს დასკვნითი სიტყვის თქმას, - განაცხადა სახაზინო ადვოკატმა.
- შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.