შრომითი მიგრაციის ახალი კანონი ძალაში 3 დღეში შევა - სააგენტო ბიზნესს რეგულაციებს აცნობს

27.02.26 12:14
შრომითი მიგრაციის ახალი კანონი ძალაში 3 დღეში შევა - სააგენტო ბიზნესს რეგულაციებს აცნობს

შრომითი მიგრაციის შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით დილიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესმენებს ხვდებიან და რეგულაციების დეტალებს აცნობენ.

„ოცნების“ განცხადებით, ახალი კანონი შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის შემცირებას ისახავს მიზნად და სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, კადრების დეფიციტის მქონე სექტორებში შრომითი რესურსი კონტროლირებადად შემოიყვანოს. "ოცნების" ხელისუფლების განმარტებით, ამჟამად ერთდროულად ფიქსირდება მაღალი უმუშევრობა და გარკვეულ სფეროებში კადრების მოთხოვნა, რის დასარეგულირებლადაც უპირატესობა ადგილობრივ სამუშაო ძალას მიენიჭება.

აღნიშნული კანონმდებლობით, ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტია შრომითი რესურსის, ჩვენ გვქონდეს სისტემურად შრომითი რესურსის შემოყვანის საშუალება. საბოლოო ჯამში, მნიშნელობა აქვს ასეთ სისტემურ მიდგომებს, იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება დეფიციტური მიმართულებები. მივაღწევთ იმას, რომ ახლა, როდესაც გვაქვს აცდენა, ერთის მხრივ, უმუშევრობის პროცენტი მაღალია, თუმცა შრომით ბარაზე მოთხოვნა მაღალია, ასეთი პარადოქსი აღარ გვექნება. 

სწორედ იმიტომ, რომ მიწოდება უფრო მეტია ბარაზე, ვიდრე მოთხოვნა, ჩვენი მიზანია, რომ უპირატესობა მივცეთ ადგილობრივ შრომით რესურსებს, - ამბობს მთავრობის წარმომადგენელი. 

ამასთან, ბიზნეს სექტორში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს შრომის ბაზრის რეგულირების უფლება აქვს, თუმცა პროცესის დეტალები დამატებით კითხვებს აჩენს. მათი შეფასებით, ადგილობრივი სამუშაო ძალის დაცვის ვალდებულება ლეგიტიმურია, თუმცა კანონით გაწერილმა დეტალურმა პროცედურებმა შესაძლოა პრაქტიკაში გარკვეული გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს.

სახელმწიფოს, ცხადია, აქვს ლეგიტიმური უფლება და მათ შორის ვალდებულება, რომ დაიცვას ადგილობრივი შრომის ბაზარი. მეორეს მხრივ, ცხადია, ის დეტალური პროცედურები, რომელიც გაწერილია, ეს არის რეგულაცია, სტანდარტი, რომელსაც შეიძლება, გარკვეული გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. 

"ოცნებაში" ასევე აღნიშნავენ, რომ ის უცხოელები, რომლებიც ამა თუ იმ პოზიციაზე უკვე დასაქმებულები არიან, წლის ბოლომდე ხელშეუხებლები იქნებიან, ხოლო ახალი წლის დასაწყისიდან შრომითი უფლებისთვის პროცედურების გავლა ხელახლა მოუწევთ. 

შეგახსენებთ, რომ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი ძალაში ზუსტად 3 დღეში შევა.