კახი კალაძის ბანერის დასვრის საქმე - ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო
კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.
დღეს მოსამართლემ და პროკურორმა შეთანხმებულად გადაწყვიტეს, რომ 6 - თვიანი პატიმრობის შემდეგ, ხოშტარია ციხეში მინიმუმ 11 დღით კიდევ დარჩება.
პროკურორმა თქვა, რომ დასკვნით სიტყვას არ წარმოთქვამდა, მოსამართლემ კი მოითხოვა, რომ ხოშტარია საკუთარ პროცესზე მისულიყო, რადგან მისი თქმით, სურვილი აქვს ბრალდებულის პოზიცია მოისმინოს ამ საქმესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ერთ დღეში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს და შესაძლოა, ხოშტარიას მოუნდა საკუთარი თავის დაცვა, ამიტომ სასამართლო გააგზავნის ციხეში წარმომადგენელს, გამოითხოვენ სასამრთლოს ოქმებს, რომელსაც ხოშტარიას ქალთა კოლონიაში მიუტანენ.
შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავს დასკვნითი სიტყვის თქმას, შესაბამისად, შეაჯამებს არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა.
სასჯელთან დაკავშირებით, მე ვერ გეტყვით, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაველოდოთ, გამამართლებელი იქნება თუ გამამტყუნებელი, თუმცა, მუხლს აქვს ალტერნატიული სანქცია და სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება. 187-ე მუხლიდან გამომდინარე, რაც ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, ითვალისწინებს სხვადასხვა სასჯელს, ასევე, ბრალდების მხარემ რა მტკიცებულებებიც წარმოადგინა, მიაჩნია, რომ იძლევა საფუძველს ვარაუდისტვის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი, - განაცხადა საქმის პროკურორმა, მარიამ წულაიამ.
- შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.