ელენეს საქმეზე კითხვის ნიშანი ისედაც არ არსებობს, შეეძლოთ იქვე, ადმინისტრაციულად დაეჯარიმებინათ - ჯაფარიძე
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ელენე ხოშტარიას საქმე ისეთი საქმეა მასზე კითხვის ნიშანი არც არსებობს.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური მოტივაცია და კარგად გასაგებია, რატომ წავიდნენ იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაესვათ ციხეში.
ელენეს საქმე ისეთი საქმეა, რომ მანდ კითხვის ნიშანი ისედაც არ არსებობს, ხო გასაგები იყო რაც გააკეთა, რატომაც გააკეთა და არც დაუმალავს. მარტივად შეეძლოთ, თუ რამე, იქვე ადმინისტრაციულად დაეჯარიმებინათ. მაგითი დამთავრდებოდა ეს ამბავი. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ პოლიტიკოსი საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო კიდევ თვეები გყავდეს ციხეში და კაცმა არ იცის, კიდევ რა განაჩენს გამოუტანენ, გასაგებია, რომ პოლიტიკური მოტივაციაა, გასაგებია, რატომ წავიდნენ იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაესვათ ციხეში, ერთადერთი ახსნა მაგას აქვს ის, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში ჩაეხსნას თუ რამე ძაფები დარჩა დამაკავშირებელი ევროპასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან, ეგ ძაფები, რომ ბოლომდე გადაჭრან,- ამბობს ჯაფარიძე.
კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.
დღეს მოსამართლემ და პროკურორმა შეთანხმებულად გადაწყვიტეს, რომ 6 - თვიანი პატიმრობის შემდეგ, ხოშტარია ციხეში მინიმუმ 11 დღით კიდევ დარჩება.
- შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურორმა თქვა, რომ დასკვნით სიტყვას არ წარმოთქვამდა, მოსამართლემ კი მოითხოვა, რომ ხოშტარია საკუთარ პროცესზე მისულიყო, რადგან მისი თქმით, სურვილი აქვს ბრალდებულის პოზიცია მოისმინოს ამ საქმესთან დაკავშირებით.