"იმედი" დაკარგავს გასართობი პროგრამების ლიცენზიებს" - სანდრო ქევხიშვილი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლის, სანდრო ქევხიშვილის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტელეკომპანია "იმედი" და PosTV გასართობი პროგრამების ლიცენზიებს დაკარგავენ, რომლებიც ძირითადად დასავლეთიდან ჰქონდათ მიღებული.
ამასთან სანდრო ქევხიშვილის განმარტებით, თუ ტელეკომპანიები გამონახავენ ხელფასების დარიგების რაიმე საშუალებას, მაგალითად "ქეშად" (ნაღდი ფულით), შესაძლებელია, რომ მათ თანამშრომლებს საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრან.
"იმედს" და PosTV-ის შეუჩერდებათ ქართულ ბანკებში მომსახურება ნებისმიერი სახის, ვეღარ გადაიხდიან ხელფასებს, ნებისმიერი ტრანზაქცია მათთან დაკავშირებით ბანკის საშუალებით ვეღარ გავა, ანუ ისინი ვერ მიიღებენ შემოსავალს ვერც რეკლამებიდან, ვერ იყიდიან ახალ ტექნიკას, ვერ გააქირავებენ და გაყიდიან ქონებას, ისინი ვერ აიღებენ სესხებს ბანკში. გაუჭირდება როგორც მაუწყებელს მუშაობა, რადგან ის დაკარგავს გასართობი პროგრამების ლიცენზიებს, რომლებიც ძირითადად დასავლეთიდან ჰქონდათ.
თუ ვთქვათ "იმედი" გამონახავს ხელფასების დარიგების რაიმე საშუალებას "ქეშად" (ნაღდი ფულით), ან სხვა მხრივ, ეს პრობლემას შეუქმნის თანამშრომლებს, რადგან თანამშრომლებმა შანსი არის რომ ვერ მიიღონ საბანკო სერვისები. ისინი როდესაც მივლენ ბანკში და "ქეშს" მიიტანენ, ბანკი მოსთხოვს "ქეშის" წარმომავლობას, როდესაც დადგინდება, რომ ისინი არიან "იმედთან" დაკავშირებულები და შემოსავალს იღებენ "იმედიდან" და PosTV-დან, მათ უარი ეთქმებათ როგორც მინიმუმ სესხებზე და შესაძლოა, ზოგადად საბანკო მომსახურებაზე," - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედი", რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.