ციხე ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერის გამო - რისთვის ისჯება ელენე ხოშტარია

27.02.26 20:25
ციხე ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერის გამო - რისთვის ისჯება ელენე ხოშტარია

„ფლომასტრის მოსამართლე“ - ასე მოიხსენიებს ელენე ხოშტარია მოსამართლე გიორგი არევაძეს.

მოსამართლემ დღეს კახი კალაძის ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერის საქმეზე განაჩენის გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო. ოპოზიციონერი ლიდერი უკვე თითქმის ექვსი თვეა პატიმრობაში იმყოფება.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში ხოშტარია აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს „რეჟიმის სასამართლოს“ პოლიტიკურ ვერდიქტს და არც ის დრო აინტერესებს, რომელიც პროცესზე დასასწრებად მიეცა. მისი თქმით, სასამართლოს ლეგიტიმაციას არ აღიარებს და სხდომებს უნდობლობას უცხადებს.

ხოშტარია ივანიშვილის პარტიას მიმართავს და ამბობს, რომ „რაც არ უნდა იწვალონ“, ვერც მის ნებას შეცვლიან და ვერც წინააღმდეგობას შეაჩერებენ. იგი მიიჩნევს, რომ პატიმრობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და აცხადებს, რომ გისოსებს მიღმაც აგრძელებს ბრძოლას.

მოსამართლე გიორგი არევაძემ, რომელიც პროცესზე პროკურატურის პოზიციას ბოლომდე დაეთანხმა, განაჩენი არც დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბრალდებული არცერთ სხდომას არ დასწრებია, ხოლო სასამართლო ყოველ პროცესზე კითხულობდა მის წერილს, სადაც ხოშტარია სასამართლოსა და მმართველი გუნდის ლეგიტიმაციას არ აღიარებდა. მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ გადაიდო.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.