შსს 400 ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 400 ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს. გელაძის უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ახალი მანქანების საყიდლად 23 მილიონი ლარი დაიხარჯება.
შსს-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს და დაგეგმილ მასშტაბურ შესყიდვას აკრიტიკებს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე, რომელიც ყურადღებას როგორც ავტომობილების ჩანაცვლების პროცესზე, ისე პოლიციური კონტროლის შესაძლო გამკაცრებაზე ამახვილებს.
ეს ავტომობილები არის ჩანაცვლებითი. ანუ ის ავტომობილები, რომლებიც უკვე ამოიღეს მოახმარებიდან, სად წავიდეს ეს ავტომობილები? ანუ სად წავიდა 400 ერთეული ავტომობილი? აუქციონის წესით გაყიდეს? თანამშრომლებში გაასხვისეს? ხვა ორგანიზაციებს გადასცეს? ეს არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მეორე მნიშნელოვანი დეტალი არის ის, რო თუ ჩანაცვლება არ ხდება, გამოდის, რომ 400 თანამშრომელს აძლევენ ავტომობილებს ანუ 400 თანამშრომლისთვის ავტომობილის მიცემა, რომლებსაც არ ჰქონდა ავტომობილი, ეს ნიშნავს, რომ ე.წ. რეიდები იქნება გაორმაგებული და გასამმაგებული. ანუ შსს გაამკაცრებს კიდევ უფრო პოლიციურ ზედამხედველობას მოქალაქეებზე, - ამბობს ბესიკ დონაძე.
შესყიდვის მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის ტენდერები შესაძლოა პრევენციულ და ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების პოლიტიკას უკავშირდებოდეს.
საკუთარი მოსახლეობისგან თავდაცვის მიზნით ხორციელდება ასეთი მასშტაბიანი შესყიდვები. სისტემატიურად აცხადებს შსს მანქანების შესყიდვის ტენდერებს. აი, რამდენიმე თვის წინ იყო კიდევ განხორციელებული ასეთი ტიპის შესყიდვა და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მანქანები მათ აქამდეც ისედაც ჰქონდათ. ამიტომ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ, რაღაც საფრთხეების ლოკალიზების მიზნით, პრევენციული მიზნებით, წინასწარ ყიდულობენ მანქანებს პოლიციელებისთვის, რომ თავიდან აირიდონ საფრთხეები, რომლის მოლოდინიც აქვთ, - ამბობს "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.