საქართველოდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდა - მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

01.03.26 20:22
საქართველოდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდა - მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა. ფრენები შეჩერდა თელ-ავივის, შარჟას, დუბაის, დოჰას, აბუ-დაბისა და ქუვეითის მიმართულებით. გადაწყვეტილება რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებისა და უსაფრთხოების რისკების ზრდას უკავშირდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილიდან რჩებიან მგზავრები, რომლებიც გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და არ იციან, როდის შეძლებენ გამგზავრებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეები განმარტებებს კომპეტენტური უწყებებისგან ითხოვენ და ინტერესდებიან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ვითარების დასტაბილურებამდე.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისგანაც, რომლებიც ინფორმაციის დეფიციტზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ, მათ შორის ემირატებში საქართველოს საელჩოსგან.

პარალელურად, თბილისში, ირანის საელჩოსთან აქციები გრძელდება. საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები აშშ-ის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას ელოდებიან.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.